Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა სანქციები დაუწესა ვლადიმირ კარა-მურზას საქმესთან დაკავშირებულ პირებს


ვლადიმირ კარა-მურზა
ვლადიმირ კარა-მურზა

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა რუსეთის ექვს მოქალაქეს, რომლებსაც კავშირი აქვთ ჟურნალისტისა და ოპოზიციონერიპოლიტიკოსის, ვლადიმირ კარა-მურზას სისხლის სამართლებრივ დევნასა და უფლებების დარღვევასთან.

სანქციების სიაში მოხვდნენ რუსეთის ფედერაციის სასამართლო კოლეგიის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქმეების გამომძიებელი ანდრეი ზადაჩინი; ბასმანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ელენა ლენსკაია; ასევე მთელი რიგი სასამართლო პროცესების მონაწილე ბრალდების სტატუსით, არაკომერციული ორგანიზაცია „ნეზავისიმი ექსპერტის“ დირექტორი დანილა მიხეევი.

გარდა ამისა, სანქციები დაუწესდათ ხამოვნიკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დიანა მიშჩენკოს, რომელმაც დაადგინა კარა-მურზას დაპატიმრება; მოსკოვის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ილია კოზლოვს, რომელმაც უკუაგდო მიშჩენკოს დადგენილებაზე აპელაცია; და რუსეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, ოლეგ სვირიდენკოს.

„აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო უერთდება მრავალრიცხოვან ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორს და გამოდის ვლადიმირ კარა-მურზას დაუყოვნებლივ და უპირობოდ განთავისუფლების მოწოდებით. მისი დაკავება იმის კიდევ ერთი მაგალითია, როგორ ახდენს კრემლი რუსეთის სამართლებრივი სისტემის მანიპულირებას, რათა ჩააჩუმოს სხვაგვარად მოაზროვნეები,“ განაცხადა უწყების წარმომადგენელმა ბრაიან ე. ნელსონმა.

ვლადიმირ კარა-მურზა რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ 2022 წლის 22 აპრილს უცხოეთის აგენტების სიაში შეიყვანა. ის იმავე დღეს დააპატიმრეს. თავიდან პოლიტიკოსს „რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის“ გავრცელების ბრალდება წაუყენეს. უკვე დაკავების შემდეგ მის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე არასასურველ ორგანიზაციასთან თანამშრომლობისა და სახელმწიფო ღალატის ბრალდებით. ბრალდებათა ჯამით მას 20 წელზე მეტი ხნით პატიმრობა ემუქრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG