Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიანსკის ოლქში რეიდის მონაწილეებს ფსბ-მ ბრალი დასდო კონსტანტინ მალოფეევზე თავდასხმაში


ტელეარხ "ცარგრადის" მფლობელი კონსტანტინ მალოფეევი. 2021 წ. 16 სექტემბერი
ტელეარხ "ცარგრადის" მფლობელი კონსტანტინ მალოფეევი. 2021 წ. 16 სექტემბერი

ფსბ-მ განაცხადა, რომ აღკვეთა თავდასხმა ტელეარხ „ცარგრადის“ მფლობელსა და უკრაინის წინააღმდეგ ომის აქტიურ მხარდამჭერზე, ბიზნესმენ კონსტანტინ მალოფეევზე. სავარაუდო თავდასხმის ორგანიზატორად სპეცსამსახურმა დაასახელა დენის ნიკიტინი (კაპუსტინი), ე.წ. „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ ხელმძღვანელი, ჯგუფისა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ბრიანსკის ოლქში განახორციელა დივერსიული ოპერაცია და დროებით დაიკავა ორი სოფელი.

ამასთან, ფსბ-ს ცნობაში ნათქვამია, რომ ტერაქტს ამზადებდნენ „უკრაინის სპეცსამსახურები“ - როგორც ჩანს, ნიკიტინი მათ კონტროლს ექვემდებარება. „ტერორისტული აქტი იგეგმებოდა თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობით, რომელიც მალოფეევის ავტომობილის ქვეშ იყო დამონტაჟებული“, - ნათქვამია განცხადებაში. მასში ნახსენებია, რომ ამავე სქემით აფეთქდა შარშან აგვისტოში რადიკალი ფილოსოფოსის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილი დარია დუგინა, რომელიც დაიღუპა. რუსეთის სპეცსამსახურებმა მაშინდელ აფეთქებებშიც უკრაინას დასდეს ბრალი.

ფსბ-მ ასევე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც ასახულია, როგორ უტარებს უცნობი პირი მანიპულაციას ავტომობილს, რომელიც, როგორც ამტკიცებენ, მალოფეევს ეკუთვნოდა. ვიდეო ზამთარშია გადაღებული. ვინ არის ასახული ვიდეოზე, არ აზუსტებენ. ფსბ-მ მხოლოდ განაცხადა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა განმნაღმველმა რობოტმა აღმოაჩინა. განაღმვის ვიდეოზე კი ჩანს, რომ მანქანა მიწისქვეშა ავტოფარეხში დგას, როგორც ჩანს, ის ასაფეთქებელი მოწყობილობით მივიდა იქამდე.

2 მარტს „რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა, რომლის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ეს უკრაინის შეიარაღებული ძალების საერთაშორისო ლეგიონის ნაწილია, საკუთარ თავზე აიღო რუსეთის საზღვრისპირა ორ სოფელში დივერსიული ოპერაციის ჩატარება. თავდასხმაში ნიკიტინიც მონაწილეობდა. რუსეთის ხელისუფლების თანახმად, დაიღუპა ორი სამოქალაქო პირი. უკრაინის ხელისუფლება მომხდარს შიდა რუსულ დაპირისპირებას უწოდებს - კორპუსი რუსეთის მოქალაქეებისგან შედგება.

მალოფეევზე თავდასხმაში ბრალდების თაობაზე ნიკიტინს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი. თავად მალოფეევმა თქვა, რომ არ დაშავებულა და განაცხადა, რომ „მის პატრიოტულ პოზიციაზე არავითარი მუქარა არ იმოქმედებს“.

XS
SM
MD
LG