Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შალვა პაპუაშვილი: პატრიოტობაზე თავს არ დაგადებინებთ, როცა აქ ვართ ჩვენ!


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე ოპონენტი კოლეგები "ისტერიის დათესვის მცდელობაში" დაადანაშაულა და უთხრა, რომ პროპაგანდისტული გზავნილია "უცხოეთის აგენტების კანონპროექტების" "რუსულ კანონად" მოხსენიება.

მისივე თქმით, სიმართლე ვერ დაიმალება და „პროპაგანდისტული ბუშტი გასკდება“.

„ჩვენ გვახსოვს 2020 წლის არჩევნების შემდეგ ადამიანების ნაწილი როგორ შეიყვანეთ პროპაგანდით შეცდომაში, თითქოს არჩევნები გაყალბდა. აქციებიც გვახსოვს, განცხადებებიც გვახსოვს. სიმართლე ვერ დაიმალა. აქაც ეს პროპაგანდაა, თითქოს რუსული კანონია, თითქოს ვენეციის კომისია არ იქნება. ამ ყველაფერს ხალხი ხომ ხედავს და დაინახავს, ამიტომ ეს პროპაგანდისტული ბუშტი, როგორც სხვა პროპაგანდისტული ბუშტები, გასკდება. საბოლოო ჯამში, თქვენ მიმართ ნდობა შეირყევა, როგორც სხვა დროს შეირყა. ნაცვლად ამ პროპაგანდისა, იმუშავეთ შინაარსთან დაკავშირებით. რაც შეეხება კვაზიპატრიოტულ განცხადებებს, ამის უფლებას არავის მივცემთ! ჩემ უკან, ამ შემთხვევაში, დავით აღმაშენებელი არის გამოსახული. არავის მოგცემთ იმის უფლებას, რომ აქ რაღაც რუსეთი და პარალელები გაავლოთ. პატრიოტობაზე თავს არ დაგადებინებთ, როცა აქ ვართ ჩვენ!“ - განაცხადა პაპუაშვილმა ბიუროზე, რომელმაც პლენარულ სხდომაზე ამ კვირაში განსახილველი საკითხების დღის წესრიგში შეიტანა "ხალხის ძალის" მიერ ინიციირებული სადავო კანონპროექტები.

შალვა პაპუაშვილმა ოპონენტი დეპუტატები "საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრასა" და "მიუღებელი პროპაგანდის" წარმოებაში დაადანაშაულა.

"საქართველოს ოკუპანტ ქვეყანასთან შედარება ნებისმიერ კონტექსტში არის მიუღებელი", - თქვა შალვა პაპუაშვილმა. მისი რეპლიკა მიემართებოდა იმას, რომ "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონპროექტებს მისი მოწინააღმდეგეები "რუსულ კანონად" მიიჩნევენ.

საკანონმდებლო ინიციატივით, რომელსაც მხარს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები უჭერენ, "უცხოური გავლენის აგენტებად" უნდა დარეგისტრირდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებიც დაფინანსების ნაწილს უცხოეთიდან იღებენ.

პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტების ავტორთა მტკიცებით, მათ მიერ მომზადებული ერთი პროექტი ამერიკული კანონის თარგმანია, მეორე კი, გაცილებით ლიბერალური ვარიანტი და ერთადერთი მიზანი გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.

ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ "ხალხის ძალის" კანონპროექტი არა ამერიკული, არამედ რუსულია. ეს პოზიცია აქვთ საქართველოში შეერთებული შტატების ელჩს და სახელმწიფო დეპარტამენტს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG