Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა დაიწყო


პარლამენტის პლენარული სხდომა. 7 მარტი, 2023 წელი
პარლამენტის პლენარული სხდომა. 7 მარტი, 2023 წელი

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა პარლამენტმა დღეს დაიწყო. "ქართული ოცნების" წინასწარი განცხადებებით, საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანა 9 მარტს იგეგმებოდა. კანონპროექტების განხილვის დღეს დაწყების წინადადება ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ წამოაყენა, რასაც დაეთანხმა პარლამენტის თავმჯდომარე.

სხდომას ოპოზიციის ნაწილი ესწრება. მათ შორის სხდომაზე არაა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატების უმრავლესობა. ხატია დეკანოიძემ "ქართულ ოცნებას" მიმართა, რომ საზოგადოებას ამცირებენ, როდესაც სიტყვას გადადიან და დაჩქარებულად გამოაქვთ კანონპროექტები განხილვაზე.

"გუშინ საპარლამენტო უმრავლესობა გამოვიდა უმრავლესობის სხდომიდან და საქართველოში საზოგადოებას უთხრა, რომ კენჭისყრები და განხილვები აგენტების რუსულ კანონზე იქნებოდა ხუთშაბათს. რა გამოვიდა, რომ არა მხოლოდ საზოგადოებას ამცირებთ, არამედ თქვენს სიტყვას გადადიხართ მაშინ, როდესაც დაჩქარებული წესით გამოგაქვთ ეს კანონი განსახილველად. მე ხომ ვზივარ ამ დარბაზში? ანუ რას ეუბნებით კოლეგებს, რომ დარბაზში შემოსვლა არ შეუძლიათ? ეს არის კიდევ ერთი დამცირება ადამიანების, ვინც გარეთ დგას", - თქვა სხდომაზე ხატია დეკანოიძემ.

"პროცედურული ვირეშმაკობა" უწოდა "ქართული ოცნების" წინადადებას დეპუტატმა რომან გოცირიძემ: "დებატები უნდა გაიმართოს ამ კანონზე და, რა თქმა უნდა, უნდა ესწრებოდეს მთელი ოპოზიცია. თქვენ გააკეთეთ ისე, რომ ამ კანონის განხილვა ჩატარდეს ცარიელ დარბაზში. ესაა პროცედურული ვირეშმაკობა. თქვენი ამოცანაა, აიცილოთ ის ტკივილები, რომელსაც ყოველდღიურად განიცდით".

"ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა, რომ პარლამენტთან გამოვიდნენ და გააპროტესტონ, რაც ხდება:

"ეს ყველაფერი აჩვენებს, როგორი ძალადობით, როგორი ვირეშმაკობით აპირებთ საქართველოს გასაბჭოებას. მოქალაქეებს მინდა ვუთხრა: ეს არის ამათი ლუსტრაცია, ასე აპირებენ, რომ თქვენი მომავალი ჩააგდონ ნაგვის ყუთში. მოგიწოდებთ, მოდით პარლამენტთან. ამ ბრძოლას მოვიგებთ ერთიანობით ამ მავნებელი, მოძალადე, მატყუარა ადამიანების წინააღმდეგ".

„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის“ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტები პარლამენტში პირველი მოსმენით განსახილველად მზად იყო, თუმცა "ქართული ოცნების" განცხადებით, მათი განხილვა 9 მარტის პლენარულ სხდომაზე იყო დაგეგმილი.

საკანონმდებლო ინიციატივით, რომელსაც მხარს უმრავლესობის წარმომადგენლები უჭერენ, "უცხოური გავლენის აგენტებად" უნდა დარეგისტრირდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებიც დაფინანსების ნაწილს უცხოეთიდან იღებენ.

პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტების ავტორთა მტკიცებით, მათ მიერ მომზადებული ერთი პროექტი ამერიკული კანონის თარგმანია, მეორე კი გაცილებით ლიბერალური ვარიანტი და ერთადერთი მიზანი გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.

ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ "ხალხის ძალის" კანონპროექტი არა ამერიკული, არამედ რუსულია. ეს პოზიცია აქვთ საქართველოში შეერთებული შტატების ელჩს და სახელმწიფო დეპარტამენტს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG