Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი ხალხი უნდა დადგეს სახელმწიფოს დასაცავად - პარლამენტთან აქცია განახლდა


აქცია პარლამენტთან, 2023 წლის 7 მარტი
აქცია პარლამენტთან, 2023 წლის 7 მარტი

პარლამენტში ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვის დაწყებასთან ერთად განახლდა საპროტესტო აქცია. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი არიან მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები, მედიის წარმომადგენლები და საზოგადოების სხვა წევრები.

"ერთი მხრივ, ეს არის საჯარო პირებისგან დამამცირებელი მოპყრობა საქართველოს საზოგადოებისადმი, როდესაც უკვე უზურპატორი რეჟიმი გეუბნება, რომ ძალაუფლება ჩემია, ამ ძალაუფლებას არ ვუშვებ ხელს და გავაკეთებ იმას, რასაც საჭიროდ ვთვლი. მეორე, ეს არის დაჩქარებული რეალიზება რუსეთიზაციის", - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის (SOVLAB) წარმომადგენელი ირაკლი ხვადაგიანი.

"თუ ხელისუფლებას არ ესმის საზოგადოების ხმა, რთულია ბერკეტებზე საუბარი... ერთადერთი, რაც მნიშვნელოვანი მგონია გაკეთდეს, ქართველი ხალხი უნდა დადგეს ქართული სახელმწიფოს დასაცავად, ქართული ევროპულ არჩევანის დასაცავად და თავისუფლებების დასაცავად, იმიტომ რომ, როგორც ჩანს, ხელისუფლებამ ქართველი ხალხი არა მხოლოდ გაყიდა, არამედ გაწირა კიდეც", - ამბობს თავისუფლებასთან პოლიტიკოსი გედევან ფოფხაძე.

მმართველი პარტია აცხადებდა, რომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანა 9 მარტს იგეგმებოდა.

7 მარტს კანონპროექტის განხილვის პარალელურად, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მოსახლეობას საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებისკენ მოუწოდეს.

საკანონმდებლო ინიციატივით, რომელსაც მხარს უმრავლესობის წარმომადგენლები უჭერენ, "უცხოური გავლენის აგენტებად" უნდა დარეგისტრირდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებიც დაფინანსების ნაწილს უცხოეთიდან იღებენ.

პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტების ავტორთა მტკიცებით, მათ მიერ მომზადებული ერთი პროექტი ამერიკული კანონის თარგმანია, მეორე კი გაცილებით ლიბერალური ვარიანტი და ერთადერთი მიზანი გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.

ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ "ხალხის ძალის" კანონპროექტი არა ამერიკული, არამედ რუსულია. ეს პოზიცია აქვთ საქართველოში შეერთებული შტატების ელჩს და სახელმწიფო დეპარტამენტს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG