Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„აგენტების" კანონპროექტი  „არსაიდან არ მოდის, თუ არა რაღაც მოსკოვის კარნახით" - ზურაბიშვილი


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

ნიუ-იორკში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ დემონსტრანტებს მიმართა. როგორც ის აცხადებს, ისინი წარმოადგენენ იმ საქართველოს, რომელიც თავის მომავალს ხედავს ევროპაში და არავის მისცემს უფლებას, რომ წაართვან ეს მომავალი.

„მოგმართავთ თქვენ, ვინც ამ საღამოს დგახართ რუსთაველზე, როგორც არაერთხელ ვიდექი მე თვითონ. ვდგავარ მე აქ, ნიუ-იორკში და ჩემ უკან არის თავისუფლების ქანდაკება, ეს არის ის სიმბოლო, რისთვისაც საქართველო მუდამ იბრძოდა, რისთვისაც დღემდე მოვედით. მე ვარ თქვენს გვერდით, იმიტომ რომ დღეს თქვენ წარმოადგენთ თავისუფალ საქართველოს. ის საქართველო, რომელიც თავის მომავალს ხედავს ევროპაში და არავის არ მისცემს უფლებას, რომ წაართვან. ეს მომავალი ეკუთვნის ჩვენს შემდეგ თაობებს, ყველას. ეს მომავალი არის ის, რომელსაც ამზადებდნენ ჩვენი წინა თაობები და ვამზადებდით ჩვენც. ამიტომ არავის არ აქვს უფლება, რომ წაგართვათ თქვენ თქვენი მომავალი", - თქვა ვიდეომიმართვაში ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, ვინც ხმა მისცა კანონპროექტს, მან დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია.

„არავის არ აქვს უფლება, რომ დააგოს მახეები. ეს კანონი, რომელიც არავის არ სჭირდებოდა, რომელიც არსაიდან არ მოდის, თუ არა რაღაც მოსკოვის კარნახით. ეს კანონი არის გასაუქმებელი, რა ფორმითაც გინდათ. არანაირად არ არის გასაგზავნი ვენეციის კომისიაში. ვენეციის კომისიამ ძალიან კარგად იცის, რა ტიპის კანონი არის ეს. პირველივე დღიდან მე ვთქვი, რომ ამ კანონს დავადებდი ვეტოს და დავადებ ვეტოს. არ მაინტერესებს მუხლობრივი მისი განხილვა. არ მაინტერესებს მისი მსგავსება ძველ ამერიკულ კანონთან, რომელიც ძალიან კარგად ვიცით, რომ სულ სხვა რამეს ემსახურება. მე მაინტერესებს მხოლოდ საქართველოს მომავალი, ის კონსტიტუცია, რომლის გარანტი ვარ კონსტიტუციით. ამ კონსტიტუციაში წერია, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, პირველ რიგში მე და ასევე მთავრობა, ხელისუფლება ვალდებულია, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა მივიყვანოთ ევროკავშირში, ევროინტეგრაციის გზა იყოს დაცული. დღეს ვინც ამ კანონს ხმა მისცა, ყველა არღვევს ამ კონსტიტუციას, ყველა გვაშორებს ევროპისგან.

მე მივმართავ ჩვენს ელჩებს უცხოეთში, ვინც საქართველოს წარმოადგენენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ან ამერიკაში, ჩვენ რას ვიცავთ ან თქვენ რას წარმოადგენთ, თუ არა ამ ევროპულ მომავალს", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის ჭავლი გამოიყენეს საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ.

აქციის მონაწილეები ხელებაწეული დგანან წყლის ჭავლის მანქანების წინ.

სპეცდანიშნულების რაზმი პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებს, სავარაუდოდ, ე.წ. "წიწაკის სპრეისაც".

აქციის მონაწილეებს სხვადასხვა სახის დაზიანება აქვთ. მათ სასწრაფო დახმარების ექიმები უწევენ სამედიცინო დახმარებას.

სამართალდამცავები და სპეცდანიშნულების რაზმი პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს არ აძლევენ საშუალებას, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდნენ.

სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც პარლამენტმა პირველი მოსმენით, 76 ხმით 13-ის წინააღმდეგ, მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.

მმართველი პარტია თავდაპირველად აცხადებდა, რომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტებს სესიაზე ხუთშაბათს, 9 მარტს, გაიტანდნენ. მიუხედავად ამისა, დღეს, 7 მარტს, დღის ბოლოს, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ სხდომაზე წამოაყენა წინადადება, რომ კანონპროექტი დღესვე განეხილათ.

პარალელურად პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, გადაკეტილია რუსთაველის გამზირი.

XS
SM
MD
LG