Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს


პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს.

ამის პარალელურად, აქციის მონაწილეების ნაწილმა სპეცდანიშნულების რაზმის მიმართულებით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ისროლა.

აქციის მონაწილეები ცდილობენ, რკინის ბარიერები ჩადგან ჩიტაძის ქუჩაზე.

პარლამენტის ეზოში მობილიზებული არიან სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მორიგ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეთა მხრიდან პროტესტის გამოხატვის ფორმებმა უკიდურესად ძალადობრივი ხასიათი მიიღო:

"რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს
თანამშრომლების წინააღმდეგ გამოიყენეს სხვადასხვა საგანი, მათ შორის აალებადი საშუალებები. აქციის მიმდინარეობისას დაშავდნენ როგორც მონაწილეები, ასევე, სამართალდამცველები".

შსს აცხადებს, რომ აქციის მიმდინარეობისას სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება მყისიერი რეაგირება და კანონის ფარგლებში დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.

სიტუაცია პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მას შემდეგ დაიძაბა, რაც პარლამენტმა პირველი მოსმენით, 76 ხმით 13-ის წინააღმდეგ, მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.

მმართველი პარტია თავდაპირველად აცხადებდა, რომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტებს პლენარულ სხდომაზე ხუთშაბათს, 9 მარტს, გაიტანდნენ. მიუხედავად ამისა, დღეს, 7 მარტს, დღის ბოლოს, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ სხდომაზე წამოაყენა წინადადება, რომ კანონპროექტი დღესვე უნდა განეხილათ.

XS
SM
MD
LG