Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქციაზე დაკავებული ზურა ჯაფარიძე ნაცემია - ამბობს ადვოკატი


ფოტო არქივიდან: ზურაბ ჯაფარიძე
ფოტო არქივიდან: ზურაბ ჯაფარიძე

7 მარტის ღამეს საქართველოს პარლამენტის შენობასთან დაკავებული პოლიტიკოსი ზურა გირჩი ჯაფარიძე ნაცემია. ამის შესახებ ჟურნალისტებს უთხრა მისმა ადვოკატმა ვახო ბარამაშვილმა.

ჯაფარიძე ერთ-ერთი იყო იმ ათასობით მოქალაქეს შორის, რომლებიც პარლამენტში ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებდნენ.

"დაკავების მომენტზე გადაღებულია სხვადასხვა ტელევიზიების ვიდეოები, სადაც ცალსახად ჩანს, რომ ოქმში აღწერილი ფაქტები სრული სიცრუეა. დაკავების მომენტში ორივე პიროვნება არის ძალიან მძიმედ ნაცემი, სპეციალურად თავის არეში ნარტყამი აქვს ხელკეტები", - ამბობს ზურა ჯაფარიძის ადვოკატი ვახო ბარაბაშვილი, რომელიც ასევე იცავს კიდევ ერთი დაკავებულის, ნიკა მოსიაშვილის ინტერესებს.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე. უწყებამ საქმე აღძრა უფლებამოსილების გადამეტების მუხლით.

"გამოძიება [დაიწყო] საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან, 2023 წლის 7-8 მარტს, ქ. თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ გამართული საპროტესტო აქციის დროს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის და აქციის სხვა მონაწილეების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე", - წერია უწყების განცხადებაში.

საქმე აღიძრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. ამ მუხლით პასუხისმგებლობა დგება უფლებამოსილების გადამეტების გამო.

საქართველოს პარლამენტის შენობასთან 7-8 მარტის ღამეს პოლიციამ 66 ადამიანი დააკავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით. საქმე აღიძრა სისხლი სამართლის კოდექსის ორი მუხლითაც.

საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი მოქალაქეები პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებდნენ. ამ დოკუმენტით ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასა და მედიასაშუალებას, რომლებსაც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორის დაფინანსება აქვთ (მინიმუმ 20%), "უცხოური გავლენის აგენტად" დარეგისტრირება მოუწევს. კანონპროექტს აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო პარტნიორები - აშშ-სა და ევროკავშირის საელჩოები.

კანონპროექტი "ხალხის ძალამ" დაარეგისტრირა პარლამენტში. მოძრაობამ "ქართული ოცნებიდან" გამოყოფის მიზეზად "მეტი სიმართლის" თქმა დაასახელა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ინტერესების მიმართ ეჭვის გამჩენი განცხადებების გავრცელება დაიწყო.

7 მარტს დღის პირველ ნახევარში ცნობილი იყო, რომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტები პლენარულ სხდომაზე 9 მარტს უნდა გაეტანათ. მოულოდნელად გადაწყვეტილება შეიცვალა და ორი ინიციირებული კანონპროექტიდან ერთ-ერთის განხილვა 7 მარტსვე დაიწყო - საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, "თავდაცვის კოდექსში" შესატანი ცვლილებების მომზადება ვერ მოესწრო და მის ნაცვლად გადაწყვიტეს დაიწყონ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა. პარლამენტმა დოკუმენტი პირველი მოსმენით მიიღო.

XS
SM
MD
LG