საქართველოს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით ამ ეტაპზე აღარ განიხილავს "ხალხის ძალის" კანონპროექტის ე.წ. ამერიკულ ვერსიას, რომელსაც "უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ" ჰქვია. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წერილით, რომლითაც ის ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორს მიმართავს, გაირკვა, რომ კომისიას "ხალხის ძალის" ორივე კანონპროექტი გაეგზავნა, მათ შორის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიღებული ვერსია.
პარლამენტში "ხალხის ძალის" მიერ ინიციირებული ორი კანონპროექტია: პირველი - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომელიც პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღეს და მეორე - "უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ", რომელსაც "ამერიკულ ვერსიად" მოიხსენიებენ.
"საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა, მიიღოს ახალი რეგულაციები არაკომერციული/არასამეწარმეო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც საქართველოში ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას. პარლამენტში წარდგენილ იქნა ორი კანონპროექტი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის” შესახებ. კანონპროექტები მიზნად ისახავს არაკომერციული/არასამეწარმეო ორგანიზაციების მინიმალურად აუცილებელი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, მათ შორის, უცხოურ დაფინანსებასთან დაკავშირებით", - წერს პაპუაშვილი.
მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" დეპუტატები აცხადებდნენ, რომ პირველი მოსმენით მიიღებდნენ ორივე კანონპროექტს და შემდეგ მათ ვენეციის კომისიაში გააგზავნიდნენ. იგივე გაიმეორა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ 6 მარტს გამართულ ბრიფინგზე. ამ დღეს მან თქვა, რომ კანონპროექტებს პლენარულ სხდომაზე 9 მარტს განიხილავდნენ.
"რაც შეეხება აგენტების ამერიკულ კანონს, ორივე კანონს ვგულისხმობ, ალბათ, ამისათვის ჩვენ მთელი დღე დაგვჭირდება და ხუთშაბათი გავითვალისწინეთ ამისთვის. ხუთშაბათს იქნება განხილვები ამასთან დაკავშირებით", - თქვა მამუკა მდინარაძემ.
7 მარტს მმართველ პარტიაში მოულოდნელად გადაწყვეტილება შეიცვალა და ორი ინიციირებული კანონპროექტიდან ერთ-ერთის განხილვა დაიწყო - მამუკა მდინარაძის თქმით, "თავდაცვის კოდექსში" შესატანი ცვლილებების მომზადება ვერ მოესწრო და მის ნაცვლად გადაწყვიტეს დაიწყონ ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა. პარლამენტმა დოკუმენტი პირველი მოსმენით მიიღო.
ამ დოკუმენტით ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასა და მედიასაშუალებას, რომლებსაც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორის დაფინანსება აქვთ (მინიმუმ 20%), "უცხოური გავლენის აგენტად" დარეგისტრირება მოუწევს. კანონპროექტს აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო პარტნიორები - აშშ-სა და ევროკავშირის საელჩოები.
კანონპროექტის პირველი მოსმენით დამტკიცების პროცესში პარლამენტთან ათასობით მოქალაქე შეიკრიბა. მათ დასაშლელად შსს-მ რამდენჯერმე გამოიყენა სპეციალური საშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი. დაშავდა ათობით ადამიანი. დემონსტრანტების ნაწილი პარლამენტთან მობილიზებულ სამართალდამცავებს და პარლამენტის შენობას ესროდა ქვებს და აალებადი სითხის შემცველ ბოთლებს. პოლიციამ 66 ადამიანი დააკავა და აღძრა სისხლის სამართლის საქმეც. აქციაზე დაშავდნენ პოლიციელებიც.