Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპროტესტო აქციაზე „ქართული ოცნების" წინაშე ორი მოთხოვნა დააყენეს


საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე
საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე

პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ხელისუფლების წინაშე ორი მოთხოვნა დააყენა „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ. როგორც მან თქვა, საერთო ოპოზიციური სახელით წარმოადგინა მოთხოვნები, რომლებიც სამოქალაქო სექტორთან, ყველა ჯგუფთან არის შეთანხმებული.

„პირველი, დაუყოვნებლივ გაიხმოს „ქართულმა ოცნებამ" რუსული კანონი საქართველოს პარლამენტიდან.

მეორე, ყველა დაპატიმრებული, რომელიც უკანონოდ დააპატიმრეს გუშინ, დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. მან აქციის მონაწილეებს სთხოვა, დაედასტურებინათ, ეთანხმებოდნენ თუ არა ამ მოთხოვნებს, რასაც დემონსტრანტები ოვაციებით შეხვდნენ.

ხელისუფლებას დრო 22:00 საათამდე მისცეს. თუკი მოთხოვნები არ შესრულდება, როგორც ვაშაძემ თქვა, „ჩვენ გადავალთ შემდგომ ნაბიჯებზე. თუ რა ნაბიჯი იქნება ამას ერთ საათში გაიგებთ".

„ერთი საათი დაველოდებით რუსეთის ინტერესების გამტარებლებს, რომ განაცხადონ - გაიხმეს კანონპროექტი პარლამენტიდან", - თქვა მან.

7 მარტს პარლამენტმა საზოგადოების პროტესტის ფონზე პირველი მოსმენით მიიღო "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი.

კანონპროექტის განხილვის დაწყებისთანავე პარლამენტის შენობასთან მოქალაქეების შეკრება დაიწყო - ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში ე.წ. აგენტების კანონის მიღების წინააღმდეგ. მათი აღქმით, ამ კანონის მიღება საქართველოს რუსეთთან აახლოებს და მიზნად ისახავს თავისუფალი მედიის და არასამთავრობო სექტორის გაქრობას, კრიტიკული ხმის გაჩუმებას და საზოგადოების დაშინებას.

პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეების დასაშლელად შსს-მ რამდენჯერმე გამოიყენა სპეციალური საშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და პილპილის აეროზოლი. დაშავდა ათობით ადამიანი. დემონსტრანტების ნაწილი პარლამენტთან მობილიზებულ სამართალდამცავებს და პარლამენტის შენობას ესროდა ქვებს და აალებადი სითხის შემცველ ბოთლებს. პოლიციამ 66 ადამიანი დააკავა და აღძრა სისხლის სამართლის საქმეც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG