Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიცია აქციაზე მიმსვლელებს "მართლსაწინააღმდეგო ნივთებს" ართმევს


ფოტო აქციიდან
ფოტო აქციიდან

პოლიციელები თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ჩხრეკენ პარლამენტთან აქციაზე მიმსვლელებს და "მართლსაწინააღმდეგო ​ნივთებს​" ართმევენ მათ. ეს პოლიციელები ჟურნალისტებს ეუბნებიან, რომ "ზედაპირულად ათვალიერებენ".

იმის გამო, რომ მოქალაქეთა ნაწილი პოლიციელების მოთხოვნას არ დაემორჩილა, რამდენიმე ადამიანი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია 10 ადამიანი.

"აღნიშნული პირები შეჩერებული იქნენ სამართალდამცველების მიერ, რადგან როგორც პოლიციელებმა შენიშნეს, მათ თან ჰქონდათ გარკვეული კანონსაწინააღმდეგო ნივთები და ხელკეტები...

სამართალდამცველი უფლებამოსილია განახორციელოს პირის ზედაპირული შემოწმება მისი ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით, პოლიციის თანამშრომლების მიერ განხორციელდა მათი ზედაპირული დათვალიერება და შემოწმება. დადგინდა, რომ ისინი მიდიოდნენ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე და თან მიჰქონდათ ძალადობრივი ქმედებებისთვის გამიზნული ნივთები, მათ შორის ელექტროშოკი, ხელკეტი, ქვები, სხვადასხვა სახის პიროტექნიკა, საღებავები და კანონით აკრძალული სხვადასხვა ნივთები, რომლებიც პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო", - წერია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას თან ერთვის ფოტოსურათებიც, რომლებშიც ჩანს, რომ ამოღებულ ნივთებს შორისაა ცურვის დროს გამოყენებული სათვალე და ფერადი ბოლის გამშვები.

შსს-ს მიერ გავრცელებული ფოტოები - ჩხრეკისას ამოღებული ნივთები
შსს-ს მიერ გავრცელებული ფოტოები - ჩხრეკისას ამოღებული ნივთები

7 მარტის შემდეგ ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა რაოდენობა 76-მდე გაიზარდა. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ერთი ადამიანის წინააღმდეგ. პრესსამსახურის ინფორმაციით, ეძებენ მათ, ვინც პოლიციაზე იძალადა.

გუშინაც და დღესაც საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი მოქალაქეები პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებენ. ამ დოკუმენტით ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასა და მედიასაშუალებას, რომლებსაც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორის დაფინანსება აქვთ (მინიმუმ 20%), "უცხოური გავლენის აგენტად" დარეგისტრირება მოუწევს. კანონპროექტს აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო პარტნიორები - აშშ-სა და ევროკავშირის საელჩოები.

კანონპროექტი "ხალხის ძალამ" დაარეგისტრირა პარლამენტში. მოძრაობამ "ქართული ოცნებიდან" გამოყოფის მიზეზად "მეტი სიმართლის" თქმა დაასახელა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ინტერესების მიმართ ეჭვის გამჩენი განცხადებების გავრცელება დაიწყო.

7 მარტს დღის პირველ ნახევარში ცნობილი იყო, რომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტები პლენარულ სხდომაზე 9 მარტს უნდა გაეტანათ. მოულოდნელად გადაწყვეტილება შეიცვალა და ორი ინიციირებული კანონპროექტიდან ერთ-ერთის განხილვა 7 მარტსვე დაიწყო - საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, "თავდაცვის კოდექსში" შესატანი ცვლილებების მომზადება ვერ მოესწრო და მის ნაცვლად გადაწყვიტეს დაიწყონ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა. პარლამენტმა დოკუმენტი პირველი მოსმენით მიიღო.

XS
SM
MD
LG