Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ლომჯარია: გიორგი ვაშაძე რეჟიმის მოკავშირეა


ნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ "სტრატეგია აღმაშენებლის" ხელმძღვანელი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გიორგი ვაშაძე "რეჟიმის მოკავშირეა". ეს განცხადება ყოფილმა სახალხო დამცველმა ფეისბუკით გაავრცელა.

"ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძე რეჟიმის მოკავშირეა... ეს არ ნიშნავს, რომ პარლამენტის წინ რაც მოხდა კანონიერია", - წერს ნინო ლომჯარია.

დაახლოებით 22:00 საათზე გიორგი ვაშაძემ საპროტესტო აქციაზე შეკრებილ ათასობით ადამიანს მოუწოდა, პარლამენტის შენობისთვის ალყა შემოერტყათ. 8 მარტი საქართველოში უქმე დღეა - 7 მარტის აქციის დროს მომხდარი დაპირისპირების გამო დღეს პარლამენტის შენობა დაიკეტა და იქ აკრედიტებულ ჟურნალისტებსაც კი არ უშვებდნენ. შენობაში, ძირითადად, მხოლოდ საპოლიციო ძალები იყვნენ.

"დარბევა დაიწყეს მათ. მე ნინოსაც მოვუწოდებ და სხვებსაც, კარგად გაიაზრეთ, როდესაც უსამართლო განცხადებებს აკეთებთ. ჩვენ უნდა ვიდგეთ ყველა ერთად, ჩვენ ვებრძვით რუსულ რეჟიმს, რომელსაც უნდა, რომ საქართველო დაუქვემდებაროს რუსეთს. ნუ გვაქვს ხოლმე რაღაცა უეცარი აღტყინებები.

არცერთ შემთხვევაში მე ამას არ ვუპასუხებ. უნდა გავიაზროთ, ეს მოთხოვნა რაც იყო დაყენებული (უკან იქნეს გაწვეული კანონპროექტი), ეს მოთხოვნა არის დღესაც... ჩვენს ერთიანობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. მე რაც გავაჟღერე, ყველა ოპოზიციურ პარტიასთან იყო შეთანხმებული. ეს იყო საერთო პოზიცია. ამას დაუჭირა ხალხმა მხარი", - უთხრა "ფორმულას" გიორგი ვაშაძემ.

ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში დაიწყო აქციის მონაწილეებსა და საპოლიციო ძალებს შორის დაპირისპირება. მოქალაქეების ნაწილმა დააზიანა ინფრასტრუქტურა, საპოლიციო ძალებმა კი გამოიყენეს წყლის ჭავლი და ცრემლმდენი აირი.

ბოლო რამდენიმე დღეა, თბილისში იმართება აქციები იმ კანონპროექტების გასაპროტესტებლად, რომლებიც საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილის - "ხალხის ძალის" მიერაა ინიციირებული. ამ დოკუმენტებით საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებისგან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირება მოუწევთ. ეს კანონპროექტები მიუღებელია არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისთვისაც.

ე.წ. აგენტების შესახებ 2 კანონპროექტიდან ერთი - კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" - პარლამენტმა ხალხმრავალი საპროტესტო გამოსვლების ფონზე 7 მარტს პირველი მოსმენით მიიღო. ამ დრომდე ადმინისტრაციული წესით პოლიციამ 70-ზე მეტი ადამიანი დააკავა.

7 მარტს, დღის პირველ ნახევარში, ცნობილი იყო, რომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტები პლენარულ სხდომაზე 9 მარტს უნდა გაეტანათ. მოულოდნელად გადაწყვეტილება შეიცვალა და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა 7 მარტსვე დაიწყო - საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, "თავდაცვის კოდექსში" შესატანი ცვლილებების მომზადება ვერ მოესწრო და მის ნაცვლად გადაწყვიტეს დაეწყოთ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა.

XS
SM
MD
LG