Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენატორები საქართველოს მთავრობას: გადახედეთ ამ შემაშფოთებელი კანონის გატანას, თავიდან აიცილეთ კიდევ ერთი მარცხი დემოკრატიის გზაზე


სპეცდანიშნულების რაზმი საპროტესტო აქციას ცრემლმდენი აირით და წყლის ჭავლით შლის. თბილისი, საქართველო. 9 მარტი, 2023 წელი
სპეცდანიშნულების რაზმი საპროტესტო აქციას ცრემლმდენი აირით და წყლის ჭავლით შლის. თბილისი, საქართველო. 9 მარტი, 2023 წელი

ე.წ. აგენტების კანონის პირველი მოსმენით მიღებასა და თბილისში საპროტესტო აქციების დარბევასთან დაკავშირებით აშშ-ის სენატის უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები და საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელობა სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ:

ქართველი ხალხი, რომელიც ქუჩაში გამოვიდა კრემლის მიერ შთაგონებული კანონმდებლობის გასაპროტესტებლად, ნათლად ხედავს, რომ საქართველოს პარლამენტის ეს ნაბიჯი არა მხოლოდ თავს ესხმის საქართველოში დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, არამედ წარმოადგენს უზარმაზარ უკან გადადგმულ ნაბიჯს ქართული დემოკრატიისთვის და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს“, -ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ სენატის საგარეო ურთიერთობათა ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებში სენატორი ჯინ შაჰინი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი სენატორი ბობ მენენდესი, სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი სენატორი ჯიმ რიში, სენატის უმრავლესობის ლიდერი დიკ დურბინი და რესპუბლიკელი სენატორი პიტ რიკეტსი.

„თუ ეს კანონპროექტი მიიღეს, მის საზიანო შედეგებზე პასუხისმგებელი ცალსახად მმართველ პარტია იქნება, რომელმაც უარი თქვა შეესრულებინა თავისი მანდატი და წინ წაეწია საქართველოს მოქალაქეების ეკონომიკური და უსაფრთხოების მისწრაფებები, რომლებიც მათ აქვთ დასავლეთთან მიმართებაში. ეს კანონი მხოლოდ დააშორებს საქართველოს იმ ტრანსატლანტიკურ საზოგადოებას, რომელშიც ის ამბობს, რომ სურს გაწევრიანება. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, გადახედოს ამ შემაშფოთებელი კანონმდებლობის გატანას, რათა თავიდან აიცილოს კიდევ ერთი მარცხი მათ დემოკრატიულ ტრაექტორიაზე და იმუშაოს ქართველი ხალხისთვის უკეთესი მომავლის ასაშენებლად. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მისცეს საშუალება თავის მოქალაქეებს, გამოხატონ მშვიდობიანი პროტესტი - ეს არის ძირითადი უფლება, რომელიც დაცული უნდა იყოს ნებისმიერ დემოკრატიაში”, - აცხადებენ გავლენიანი სენატორები.

საქართველოში თებერვლის ბოლოს იმყოფებოდნენ სენატორები ჯინ შაჰინი და დიკ დურბინი.

თბილისში მეორე დღეა გრძელდება მრავალრიცხოვანი დემონსტრაციები პარლამენტში პირველი მოსმენით მიღებული ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის გასაპროტესტებლად, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობამ დაჩქარებულად უყარა კენჭი.

თუკი კანონად გადაიქცა, ამ დოკუმენტით ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასა და მედიასაშუალებას, რომლებსაც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორის დაფინანსება აქვთ (მინიმუმ 20%), „უცხოური გავლენის აგენტად“ დარეგისტრირება მოუწევს.

კანონპროექტს აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო პარტნიორები - აშშ-სა და ევროკავშირის საელჩოები. მათ არაერთხელ განაცხადეს, რომ კანონის მიღება დააზიანებს დასავლეთთან ურთიერთობებს.

ამ კანონის მიღებას საზოგადოების არაერთი ჯგუფი ეწინააღმდეგება - მსახიობები, მწერლები, ჟურნალისტები, სპორტსმენები, მოქმედი და ყოფილი პოლიტიკოსები, მასწავლებლები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები და სხვები.

კანონპროექტის პირველი მოსმენით დამტკიცების პროცესში პარლამენტთან ათეულათასობით მოქალაქე შეიკრიბა.

მათ დასაშლელად შსს-მ რამდენჯერმე გამოიყენა სპეციალური საშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი. დაშავდა ათობით ადამიანი. დემონსტრანტების ნაწილი პარლამენტთან მობილიზებულ სამართალდამცავებს და პარლამენტის შენობას ესროდა ქვებს და აალებადი სითხის შემცველ ბოთლებს. პოლიციამ 66 ადამიანი დააკავა და აღძრა სისხლის სამართლის საქმეც. აქციაზე დაშავდნენ პოლიციელებიც. კიდევ უფრო დიდი დემონსტრაცია გაიმართა 8 მარტს, რომლის დაშლა 9 მარტის გამთენიამდე გრძელდება.

XS
SM
MD
LG