Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთაველზე მოქალაქეები დღესაც შეიკრიბნენ - აქცია საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის ჰიმნებით დაიწყო


აქცია რუსთაველის გამზირზე. 9 მარტი, 2023 წელი
აქცია რუსთაველის გამზირზე. 9 მარტი, 2023 წელი

ათასობით ადამიანი დღესაც გამოვიდა თბილისში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ - რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მოთხოვნაა, გათავისუფლდნენ 7 და 8 მარტს და ასევე 9 მარტის ღამეს აქციებზე დაკავებული ადამიანები და პარლამენტმა ოფიციალურად "ჩააგდოს" სადავო კანონპროექტი. ორდღიანი პროტესტის ფონზე, დღეს დილას "ქართულმა ოცნებამ" თქვა, რომ ამ კანონპროექტს "დათქმების გარეშე" გაიწვევდა, პროცედურულად კი ამ გადაწყვეტილებას პარლამენტი 20 მარტის კვირაში გააფორმებდა.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის ჰიმნებით დაიწყო. აქციის დასაწყისში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა მოქალაქეებს უთხრა, რომ დღევანდელი აქციისთვის უკრაინაში მებრძოლმა "ქართულმა ლეგიონმა" შეიძინა წყალი და საკვები დემონსტრანტებისთვის.

მოქალაქეებს სიტყვით მიმართა მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ, რომელმაც სპეცრაზმელების დედებს მოუწოდა, სთხოვონ შვილებს, ნუ აწევენ ხელს თავიანთ ძმებსა და დებზე, თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებზე.

"ჯერ კიდევ არ არის გვიან. ქალებს ყველაფერი შეგვიძლია. შეგიძლიათ მოქაჩოთ თქვენი ბიჭები და უთხრათ, რას აკეთებ, უგუნურო? ვის მიმართ გაქვს მომართული ეს იარაღი? შენი სისხლის და ხორცის მიმართ? ეს ხომ სასწაულია და ეს ხომ საქართველოში უდიდესი სირცხვილია!

მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ისტორია კარგად არ იციან. არ იციან, რა გაგვიკეთა რუსეთმა წლების განმავლობაში!" - თქვა თამარ ჭოხონელიძემ აქციაზე გამოსვლისას.

დემონსტრანტებს მიმართა არქეოლოგმა იულონ გაგოშიძემაც. მან მადლობა გადაუხადა ახალგაზრდებს სიმამაცისთვის და თქვა, რომ სურს, ისეთ დროს გახდეს საქართველო ევროკავშირის წევრი, რომ თვითონაც მოესწროს ამას.

საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. ორი დღის განმავლობაში აქციებზე პოლიციამ 133 ადამიანი დააკავა.

კანონპროექტი უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი (მინიმუმ 20%) უცხოეთიდანაა მიღებული.

  • პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს დაამტკიცა, საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა "რუსულ კანონზე" და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე.
  • "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებდა განცხადებებს "რუსული კანონის" და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ და საკანონმდებლო ცვლილების ერთადერთ მიზნად ასახელებდა გამჭვირვალობას და საზოგადოების ინფორმირებას.
  • საზოგადოებრივი პროტესტისა და საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, 9 მარტს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, გაიწვიოს პირველი მოსმენით უკვე მიღებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG