Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახიანმა ახსნა, რატომ მიიჩნევს შეცდომად „აგენტების“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას


გიორგი კახიანი, პარლამენტის დეპუტატი
გიორგი კახიანი, პარლამენტის დეპუტატი

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დეპუტატმა გიორგი კახიანმა შეცდომა უწოდა „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მხარდაჭერას და აღნიშნა, რომ ამის აღიარება არის მნიშვნელოვანი. ამის შესახებ დეპუტატმა მედიასთან პარლამენტში ისაუბრა და დააზუსტა, რომ შეცდომა იყო არა იმ თვალსაზრისით, რომ კანონპროექტი არ იყო საჭირო, არამედ იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, ფართო საზოგადოებისთვის გასაგებად ვერ ახსნეს, რას ემსახურებოდა იგი.

ფაქტია, რომ, როდესაც ასეთი რეზონანსი მოჰყვება ამას და საზოგადოების მხრიდან ასეთი განწყობა, ბუნებრივია, შეცდომა იყო ამ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება. არა იმიტომ, რომ კანონპროექტი თავისი შინაარსით რომ არ შეესაბამება დღევანდელ ჩვენს ინტერესს, არამედ იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, ჩვენ ვერ შევძელით საზოგადოებამდე სწორად მიტანა იმის, თუ რას ემსახურებოდა ეს კანონი, რა წერია მასში და იმ დეზინფორმაციამ, პრინციპში, თავისი გააკეთა... რომ გავიხსენოთ, როგორი თანმიმდევრობა იყო, ანუ გავიხსენოთ, როგორი გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ ჩვენ მოვახდინეთ კანონის ინიციირება, ჩვენ კი არა, თავის დროზე მხარი დავუჭირეთ ამის ინიციირებას იმ გათვლით და იმ დათქმით, რომ ეს გადაიგზავნებოდა ვენეციის კომისიაში. ეს პროცესი, რა თქმა უნდა, იქნებოდა დროში გაწერილი პროცესი, დროში ეს შეიძლებოდა გაგრძელებულიყო ნახევარი წელი და ამ ხნის განმავლობაში, ბუნებრივია, იქნებოდა კიდევ მსჯელობა. თუ რამე იქნებოდა ამ კანონში შესაცვლელი, ეს თავისუფლად შეიცვლებოდა შემდგომ ეტაპზე“, - განაცხადა გიორგი კახიანმა პარლამენტში კანონპროექტის მეორე მოსმენით კენჭისყრამდე, რომლის შედეგადაც კანონპროექტი ჩავარდა.

კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ პარლამენტში გაკეთებულ კომენტარში "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ "აგენტების" კანონპროექტმა სამი "მნიშვნელოვანი საქმე" გააკეთა, მათ შორის "ყველამ აღიარა, რომ აგენტობა სათაკილოა" და ყველამ გაიგო იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც "არასახელმწიფო საქმიანობაში" არიან ჩართული.

დღეს, 10 მარტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს მეორე მოსმენით უყარა კენჭი და ჩააგდო.

ეს მას შემდეგ, რაც საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. კანონპროექტი უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი (მინიმუმ 20%) უცხოეთიდანაა მიღებული.

  • პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს დაამტკიცა, საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების, საერთაშორისო გამოხმაურებებისა და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა "რუსულ კანონზე" და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე.
  • "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებდა განცხადებებს "რუსული კანონის" და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ და საკანონმდებლო ცვლილების ერთადერთ მიზნად ასახელებდა გამჭვირვალობას და საზოგადოების ინფორმირებას.
XS
SM
MD
LG