Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი: თბილისის მოვლენები ძალიან მოგვაგონებს კიევის „მაიდანს“


სერგეი ლავროვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
სერგეი ლავროვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

„უცხოეთის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით სიტუაცია მხოლოდ საბაბი იყო მთავრობის ძალისმიერი შეცვლის დასაწყებად, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსეთის პირველი არხის გადაცემა „Большая игра-სთან" ინტერვიუში განაცხადა.

ძალიან ჰგავს კიევის „მაიდანს“. უდავოა, რომ კანონი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაციის შესახებ, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ მათი ბიუჯეტის მხოლოდ 20%-ის ოდენობით, მხოლოდ საბაბი იყო, რომ დაწყებულიყო მთავრობის ძალისმიერი შეცვლის მცდელობა“, - თქვა მან.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელის, ჟოზეპ ბორელის განცხადებებს საქართველოში შექმნილ ვითარებაზე თვალთმაქცობა უწოდა. მანამდე ბორელი უკვე გააკრიტიკეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ და რუსმა სენატორმა გრიგორი კარასინმა.

მიუხედავად იმისა, რომ მთლიანობაში ევროპის რიგ ქვეყნებში ასეთივე ნორმებია, არსებობს ამავე თემაზე გაცილებით მკაცრი ნორმებიც, ბატონი ბორელი თვალის დაუხამხამებლად აცხადებდა, რომ კანონი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ გაჰქონდა, ევროპულ ფასეულობებს არ შეესაბამება და ეღობება საქართველოს ევროკავშირთან მიერთებას. რა თქმა უნდა, აშკარა ფარისევლობაა“, - განაცხადა ლავროვმა.

სააგენტო ტასსი წერს, რომ ლავროვმა მიანიშნა საქართველოსა და მოლდოვაში ოპოზიციის პროტესტის მიმართ დასავლეთის განსხვავებულ დამოკიდებულებაზეც.

„საქართველოში ოპოზიცია, არათუ რისი უფლება აქვს, ვალდებულია გააკეთოს, რაც სურს. მოლდოვაში კი მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ აქციებს გმობენ - იმიტომ, რომ საქართველოში ოპოზიცია დასავლეთის ინტერესებს ასახავს, მოლდოვაში კი - სხვა ინტერესებს. დასავლეთის ინტერესებს კი მთავრობა და პრეზიდენტი გამოხატავენ“, - განაცხადა მან.

ლავროვის სიტყვებით, საქართველოში განვითარებული მოვლენები გარედანაა „ორკესტრირებული“ და მათ რუსეთის საზღვრებთან გამაღიზიანებლის შექმნის სურვილი ამოძრავებთ.

დღეს, 10 მარტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს მეორე მოსმენით უყარა კენჭი და ჩააგდო.

ეს მას შემდეგ, რაც საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. კანონპროექტი უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი (მინიმუმ 20%) უცხოეთიდანაა მიღებული.

.

XS
SM
MD
LG