Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკრონის საპენსიო გეგმების წინააღმდეგ საფრანგეთში საპროტესტო აქციები გაგრძელდა


საპროტესტო მსვლელობა პარიზში. 11 მარტი, 2023 წელი.
საპროტესტო მსვლელობა პარიზში. 11 მარტი, 2023 წელი.

შაბათს, 11 მარტს უკვე მეშვიდე დღეა, რაც საფრანგეთში გაიმართა დემონსტრაციები ამ ქვეყნის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გეგმების წინააღმდეგ, გაატაროს არაპოპულარული საპენსიო რეფორმა.

ამის პარალელურად, მიმდინარეობს გაფიცვები, რომლებიც შეეხო ნავთობის გადასამუშავებელ ქარხნებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ნაგავსაყრელებს. Reuters-ის ცნობით, საფრანგეთის პროფკავშირული გაერთიანება, რომელმაც იშვიათი ერთობა აჩვენა მას შემდეგ, რაც იანვრის ბოლოს დაიწყო საპროტესტო მოძრაობა, იმედოვნებს, რომ გავლენას მოახდენს მთავრობაზე და უარის ათქმევინებს რეფორმაზე, რომლის მთავარი პუნქტი საპენსიო ასაკის ორი წლით გახანგრძლივებაა - 64 წლამდე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოელოდა, რომ 1 მილიონამდე ადამიანი მიიღებდა მონაწილეობას 200-ზე მეტ საპროტესტო აქციაში მთელი ქვეყნის მასშტაბით. სენატი განაგრძობს რეფორმის განხილვას, ტექსტის გამო შესაძლო კენჭისყრა პარლამენტის ზედა პალატაში მოსალოდნელია 12 მარტის საღამოსთვის.

დემონსტრაციები დილიდან გაიმართა დიდი ქალაქების ქუჩებში, მათ შორის ტულუზსა და ნიცაში. პარიზში მსვლელობა ნაშუადღევს მოეწყო.

აზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ამომრჩეველთა უმეტესობა მაკრონის გეგმის წინააღმდეგია, ხოლო უმნიშვნელო უმრავლესობა გაფიცვების მხარდამჭერია. TotalEnergies-ის წარმომადგენელმა Reuters-ს განუცხადა, რომ გაფიცვები გრძელდება საფრანგეთის ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებსა და საცავებში, ხოლო საზოგადოებრივი რკინიგზის ოპერატორმა SNCF განაცხადა, რომ ეროვნული და რეგიონული ტრანსპორტი შაბათ-კვირის განმავლობაში ძლიერ შეფერხდება. ადგილობრივი მედიის ცნობით, პარიზის ქუჩებში კვლავ ნაგვის გროვებია და მცხოვრებლები იტყობინებიან ვირთხების მზარდი რაოდენობის შესახებ. მემარჯვენე ორიენტაციის სენატმა, რომელიც მხარს უჭერს მაკრონის ცენტრისტულ პარტია "აღორძინებას", ხმა უნდა მისცეს საპენსიო რეფორმას, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, კანონპროექტს შემდეგ განიხილავს ზედა და ქვედა პალატის წევრთა ერთობლივი კომიტეტი, სავარაუდოდ, მომავალ კვირას. ქვეყნის მასშტაბით დამატებითი გაფიცვები და საპროტესტო გამოსვლები დაგეგმილია 15 მარტისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG