Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი: "ჩვენი მიზანი ამ კანონის მიღებით ეროვნული უსაფრთხოების დაცვა იყო"


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველომ „რთული და ემოციური დღეები გადაიტანა“, მაგრამ ამ დღეების განმავლობაში გამოჩნდა „სახელმწიფოს სიძლიერე, სიმტკიცე და ხელისუფლების გონიერება“.

ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების მიზანი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების წყაროების „მინიმალური გამჭვირვალობა“ და „ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დაცვა“ იყო.

„ამ ორგანიზაციებს მიღებული აქვთ ასეულობით მილიონი დოლარის დაფინანსება. მაგალითად, მათ შორისა ცნობილი დესტრუქციული მოძრაობა „სირცხვილია“, რომელი ფინანსდება უცხოური ორგანიზაციების მიერ და ისინი მოითხოვდნენ მთავრობის და ჩემს გადადგომას. ასევე ვიცით პროვოკაციული მოძრაობა „თბილისი პრაიდი“, რომელიც აპირებდა მეტად პროვოკაციული პარადების ჩატარებას. „იემსი“ (დღევანდელი სოციალური სამართლიანობის ცენტრი) - ორგანიზაცია, რომელიც ემსახურება შუღლის გაღვივებას... იგივე „ისფედი“ (სამართლიანი არჩევნები) რომელმაც არჩევნების დროს პარალელური დათვლის გაყალბებული მონაცემები წარმოადგინა და ა.შ. ჩვენი ამოცანა იყო გვცოდნოდა, რას ემსახურება მათი საქმიანობა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის“ ეთერში.

მისი განცხადებით, ხელისუფლებამ ამ კანონის უკან გაწვევით მიიღო "ყველაზე სწორი, სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება" და ამით აჩვენა, რომ დესტაბილიზაციის და „მეორე ფრონტის გაჩაღების“ უფლებას არავის მისცემდა:

ჩვენ ვიცოდით მათი ცუდი გეგმების შესახებ, მოსალოდნელი ქაოსის შესახებ, შეიძლება რამდენიმე ახალგაზრდა თავადვე მოეკლათ, ამიტომ ვთქვით, რომ ამ ნაბიჯით ვუფრთხილდებით ჩვენთვის ყველასთვის ძვირფასს - სტაბილურობას და არა ომის პოლიტიკას“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებითვე, ამ აქციების უკან „ნაცმოძრაობა“ იდგა და მისი სიტყვებით, სცენაზე მყოფი ახალგაზრდებიც ამ პოლიტიკურ ძალასთან არიან დაკავშირებული.

საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. კანონპროექტი უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი (მინიმუმ 20%) უცხოეთიდანაა მიღებული.

პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს დაამტკიცა, საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა "რუსულ კანონზე" და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე.

"ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებდა განცხადებებს "რუსული კანონის" და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ და საკანონმდებლო ცვლილების ერთადერთ მიზნად ასახელებდა გამჭვირვალობას და საზოგადოების ინფორმირებას.

მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ საქართველოს პარლამენტმა "უცხოეთის აგენტების შესახებ კანონი" უკან გაიწვია.

ირაკლი ღარიბაშვილი ამ დღეების განმავლობაში ოფიციალური ვიზიტით ბერლინში იმყოფებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG