Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენი 7-9 მარტის აქციებზე სამართალდამცველების გადაცდომებზე საუბრობს


ლევან იოსელიანი
ლევან იოსელიანი

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი 7-9 მარტის აქციებზე მოქალაქეთა უფლებების დარღვევებზე საუბრობს. ომბუდსმენის აპარატის მიერ მომზადებული შეფასების მიხედვით, ამ დღეებში იყო შემთხვევები, როცა აქციის მონაწილეების მიმართ სპეციალურ საშუალებებს სრულიად უსაფუძვლოდ იყენებდნენ. დეტალებზე იოსელიანმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მოვლენების შეფასებისას სახალხო დამცველი დაეყრდნო გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის განმარტებებს.

"მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით არის დაცული... ძალადობად არ უნდა ჩაითვალოს, მათ შორის, უბრალო მიწოლა ან ხელის კვრა... ცალკეულ პირთა ან პირთა მცირე ჯგუფის სიტყვიერი თუ ფიზიკური აგრესიის თუ ძალადობის აქტები არ აბათილებს იმ ადამიანთა შეკრების თავისუფლებას, რომლებიც მშვიდობიან ქცევას განაგრძობენ", - წერია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები აკვირდებოდნენ აქციის მიმდინარეობას და დაშლას. საკითხის შესწავლამ აჩვენა, რომ:

  • "7 მარტის საღამოს ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც შეკრების მონაწილეთა ნაწილმა პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან სცადა მიახლოება, რომლისკენ მიმავალი გზაც სამართალდამცავებს ჰქონდათ გადაკეტილი";
  • "ამ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაფრთხილების გავრცელების დროს აქციას მშვიდობიანი ხასიათი ჰქონდა და "არ არსებობდა მისი შეწყვეტისა და მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი". აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სამართალდამცავებმა შეკრების მონაწილეების, მათ შორის, მშვიდობიანი მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება დაიწყეს, რაც ეწინააღმდეგება უფლებაში აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტს";
  • განცხადებაში აღნიშნულია, რომ 8 მარტს პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქციის მონაწილეთა ნაწილი ძალადობრივად იქცეოდა, რაზეც "პოლიციამ შესაბამისი რეაგირებები განახორციელა, თუმცა აღნიშნული ძალის გამოყენება სრულიად არალეგიტიმურად გაგრძელდა საქართველოს პარლამენტის წინ მდგარი შეკრების მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ";
  • იყო შემთხვევები, როცა აქციის მონაწილეების მიმართ სპეციალურ საშუალებებს იყენებდნენ სრულიად უსაფუძვლოდ, "ერთეული ადამიანების მხრიდან პოლიციის თანამშრომლებთან მშვიდობიანი მიახლოებისთანავე ხდებოდა სპეციალური საშუალებების გამოყენება, მათ შორის, დამიზნებით სახის არეში ზემოქმედება. აღნიშნული ცალსახად წარმოადგენს დანაშაულებრივ ქმედებას".

სახალხო დამცველის თქმით, ამ დღეებში შსს-ს სხვადასხვა სამმართველოში, განყოფილებებსა თუ დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოინახულეს 96 დაკავებული. ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში აქციის მონაწილეების დაკავების მიზეზი სამართალდარღვევის აღკვეთა არ იყო.

"გავრცელებული კადრები ცხადყოფს, რომ ცალკეულ შემთხვევებში, მსგავსი ღონისძიება არ წარმოადგენდა მიმდინარე სამართალდარღვევის აღკვეთის ზომას, შესაბამისად, ვერ პასუხობდა აუცილებლობის მოთხოვნას და უფლებაში დაუსაბუთებელი ჩარევის სახე ჰქონდა", - წერია ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში.

თბილისში რამდენიმე დღის განმავლობაში იმართებოდა აქციები იმ კანონპროექტების წინააღმდეგ, რომლებიც საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილის, "ხალხის ძალის" მიერ იყო ინიციირებული.​ ამ კანონპროექტების მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტად" დარეგისტრირება მოუწევდა ყველა იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც შემოსავლის მინიმუმ 20 პროცენტს იღებდნენ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებისგან, მათ შორის აშშ-ის საელჩოდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან.

ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვეტილება შეცვალა. კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტმა მეორე მოსმენით 10 მარტს ჩააგდო. აქციებზე ჯამში 133 ადამიანი დააკავეს.

XS
SM
MD
LG