Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე: 2003 წლის რევოლუციამ მოიტანა დემოკრატიული უკუსვლა, ქვეყნის 20%-ის დაკარგვა


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

მმართველი პარტიის თავმჯდომარე და ამავდროულად საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "გასული კვირის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა ჩვენ მოგვცა ექსტრემისტული ახალგაზრდული დაჯგუფებების გაშიფვრის შესაძლებლობა". პარტიაში გამართულ ბრიფინგზე მან აღნიშნა, რომ "ამ დაჯგუფების ორგანიზებული იყო ძალადობრივი ქმედებები სახელმწიფოს წინააღმდეგ".

"ყველამ აღიარა, რომ აგენტობა სათაკილოა, ვისი აგენტიც არ უნდა იყო - ჩრდილოეთის, დასავლეთის, სამხრეთის თუ აღმოსავლეთის", - თქვა მან.

ე.წ. აგენტების კანონპროექტზე საუბრის დროს კობახიძემ გაიხსენა 2003 წლის რევოლუციაც, როცა "მოქალაქეთა კავშირის" ხელისუფლება "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებამ შეცვალა.

"კანონპროექტების გარშემო გაშლილი დისკუსია მომავალშიც ეფექტიანად აგვაცილებს თავიდან ბაკურიანის გეგმის განხორციელებას, ანუ ენჯეოების ჩართულობით ხელისუფლების გადატრიალებას. შეგახსენებთ, რომ NGO-ების მეშვეობით ჩვენს ქვეყანაში 2003 წელს უკვე შედგა რევოლუცია, რომელმაც საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა, ავტორიტარიზმი, ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი, მედიის მიტაცება და ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია მოუტანა. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ უცხოური გავლენის აგენტების ხელით "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნებას ჩვენ არასოდეს დავუშვებთ.

კანონპროექტი, რომლის ერთადერთი მიზანიც არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა იყო, ამოქმედების გარეშეც გახდა ნამდვილი აგენტების ლუსტრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

მან აღნიშნა, რომ "უცხოელი აგენტების" შესახებ კანონპროექტმა ამოქმედების გარეშე მოიტანა იმაზე დიდი შედეგი, ვიდრე თუნდაც ამოქმედებით შეეძლო მოეტანა. ბრიფინგის დასაწყისშივე მან ახსენა "ლგბტ პროპაგანდა" და "ეკლესიის რეპუტაციის შერყევა". მეტიც, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აქციის მონაწილეთა მიერ წყლის ჭავლის წინ დროშით დგომა და სპეცრაზმელებისთვის ყვავილების მიტანა "სახელმძღვანელოებში აღწერილთან" გააიგივა.

"გასულ კვირაში არსებითად სწორედ რადიკალური ოპოზიციის ექსტრემისტული ახალგაზრდული დაჯგუფებების მიერ იყო ორგანიზებული ძალადობრივი აქტები, რომლებიც სამართალდამცავი სტრუქტურების წინააღმდეგ განხორციელდა. ექსტრემისტული აქტივობები ძირითადად ხორციელდებოდა ჯინ შარპისა და პიტერ აკერმანის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელოების შესაბამისად. მათ შორის, სწორედ ამ სახელმძღვანელოებშია აღწერილი ისეთი სიმბოლური აქტები, როგორიცაა წყლის ჭავლთან დროშიანი მომიტინგის დაპირისპირება, სპეცრაზმელებთან ყვავილების მიტანა და ა.შ." - თქვა კობახიძემ.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, ამოქმედების შემთხვევაში, უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას დაავალდებულებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი (მინიმუმ 20%) უცხოეთიდანაა მიღებული. პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს დაამტკიცა.

საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი „ხალხის ძალის“ წევრების მიერ ინიციირებულ კანონპროექტს 7-9 მარტს საქართველოში, ძირითადად, თბილისში მასობრივი პროტესტი მოჰყვა, რომელშიც სტუდენტები აქტიურად მონაწილეობდნენ. საპოლიციო ძალებმა წყლის ჭავლის, პილპილის აეროზოლის, ცრემლმდენი აირისა და სხვა საშუალებების გამოყენებით არაერთი დემონსტრაცია დაშალეს. მიუხედავად ამისა, პროტესტი არ წყდებოდა. შედეგად, „ქართულმა ოცნებამ“ 9 მარტს გამოაცხადა, რომ კანონპროექტს გაიწვევდა. 10 მარტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტი „ჩააგდო“. მის ალტერნატივად დარეგისტრირებული პროექტი კი პარლამენტიდან გაიხმო.

XS
SM
MD
LG