Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შავი ზღვის თავზე რუსეთის გამანადგურებელთან შეტაკების შედეგად ჩამოვარდა აშშ-ის სადაზვერვო დრონი


Su-27 და MQ-9 Reaper-ი (კოლაჟი).
Su-27 და MQ-9 Reaper-ი (კოლაჟი).

შეერთებულმა შტატებმა 14 მარტს განაცხადა, რომ შავი ზღვის თავზე რუსეთის გამანადგურებელთან შეტაკების შედეგად ჩამოვარდა მისი სადაზვერვო დრონი MQ-9 Reaper-ი, რომელიც, როგორც იტყობინებიან, საერთაშორისო სივრცეში ასრულებდა დავალებას.

როგორც აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ვიზუალური ინფორმაციის გავრცელების სამსახურის (DVIDS) შეტყობინებაშია ნათქვამი, რუსეთის ორმა Su-27-მა ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატის „არაუსაფრთხო და არაპროფესიონალური“ გადატაცება განახორციელა. ერთ-ერთი რუსული გამანადგურებელი გამოედო დრონის პროპელერს, რის შედეგადაც ამერიკის შეიარაღებულ ძალებს დრონის ჩამოგდება მოუწიათ, იტყობინება აშშ-ის სამხედრო ხელმძღვანელობა.

ეს ინციდენტი მიუთითებს კომპეტენტურობის არქონაზე, თანაც ის არაა უსაფრთხო და არაპროფესიონალურია, აღნიშნულია განცხადებაში.

„ჩვენი აპარატი MQ-9 ჩვეულებრივ ოპერაციებს ატარებდა საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, როცა ის გადაიტაცა და ჩამოაგდო რუსეთის თვითმფრინავმა, რამაც MQ-9-ის ავარია და სრული დაკარგვა გამოიწვია“, - განაცხადა ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალმა, გენერალმა ჯეიმს ჰეკერმა. მისი სიტყვებით, რუსეთის მხარის მოქმედებებმა კინაღამ „გამოიწვია ორივე ერთეული ავიატექნიკის ავარია“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სამშაბათს მოგვიანებით განაცხადა, რომ რუსეთის გამანადგურებლებს აშშ-ის უპილოტო საფრენი აპარატის წინააღმდეგ არ გამოუყენებიათ იარაღი და მასთან კონტაქტში არ შესულან. რუსეთის თავდაცვით უწყებაში ამტკიცებენ, რომ „ამერიკული დრონი გამორთული ტრანსპონდერებით დაფრინავდა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩასატარებლად დაწესებული საჰაერო სივრცის გამოყენების დროებითი რეჟიმის ტერიტორიის საზღვრების დარღვევით“.

ევროპაში ნატოს გაერთიანებული ძალების მეთაურმა, გენერალმა კრისტოფერ კავოლიმ ინციდენტის შესახებ მოკავშირეებს შეატყობინა, იუწყება Reuters-ი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამოიძახეს ვაშინგტონში რუსეთის ელჩი ანატოლი ანტონოვი. საგარეო-პოლიტიკური უწყების წარმომადგენელმა ნედ პრაისმა დასძინა, რომ ინციდენტთან დაკავშირებით შეერთებული შტატები მაღალ დონეზე პირდაპირ თანამშრომლობს რუსეთთან.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ დრონი საფრთხეს არ წარმოადგენდა. მან განსაკუთრებით აღნიშნა, რომ აპარატი საერთაშორისო საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა. „პრეზიდენტი ბაიდენი ინფორმირებულია მომხდარის შესახებ“, - დასძინა კირბიმ. კირბიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან თვითმფრინავებისა და დრონების გადატაცება არაა იშვიათობა, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამერიკული აპარატი შავ ზღვაში ჩავარდა. „ჩვენ მუდმივად ვახორციელებთ ფრენებს ამ საჰაერო სივრცეში, უკვე ერთი წელია, და ჩვენ გავაგრძელებთ ამის გაკეთებას“, - თქვა ჯონ კირბიმ.

MQ-9 Reaper-ი ამჟამად აშშ-ის შეიარაღებაში არსებულ მთავარ მოიერიშე დრონად ითვლება. მას უნარი შესწევს, განავითაროს 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე და 24 საათამდე დაყოს ჰაერში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG