Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"თავისუფლების ქანდაკება ლუციფერის ნიღბით" - დეპუტატებს წიგნები დაურიგდათ


პარლამენტში დარიგებული წიგნის გარეკანი
პარლამენტში დარიგებული წიგნის გარეკანი

საქართველოს პარლამენტის დეპუტატების სამუშაო ოთახებში ანტიდასავლური შინაარსის წიგნებია. დეპუტატებმა "ლუციფერის მხილება" იმ დროს მიიღეს, როცა პარლამენტის შენობის წინ პრორუსული პარტიის, "კონსერვატიული მოძრაობის" აქცია იმართებოდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს უთხრა პარტია "ლელოს" აპარატის უფროსმა, პოლიტიკოსმა ლანა გალდავამ.

"დამაინტერესა, რა წიგნი იყო - ყდას, წინათქმას და სარჩევს რომ გადახედავ, ფაშისტური და ანტისემიტური პროპაგანდაა. რაშიზმი რაზეც დგას, ესაა. პარლამენტში ამბობენ, რომ ავტორმა მიიტანა წიგნი და მათ დაარიგეს, მაგრამ ავტორი ამხელა ტირაჟით წიგნს არიგებდეს, როცა მე, აპარატის თანამშრომელი, ერთი ფურცლის შემოტანაზეც კი გავდივარ კონტროლს და უსაფრთხოების სამსახური ერთვება... შემოიტანეს თავისუფლების ქანდაკება ლუციფერის ნიღბით", - ამბობს ლანა გალდავა რადიო თავისუფლებასთან კომენტარში.

წიგნის წინასიტყვაობაში აღნიშნულია, რომ "ლუციფერის მხილება" განკუთვნილია პარლამენტარებისთვის, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებისთვის და "ყველასთვის, ვისაც გული შესტკივა ჩვენი ქვეყნის და კაცობრიობის მომავალზე".

"ამ წიგნს ვუძღვნი საქართველოს - მოტყუებულს, გაყიდულს, გაძარცვულს და განწირულს, რათა მისმა შვილებმა გაიგონ, რომ ნეოლიბერალიზმის გზით სიარული ერის თვითმკვლელობაა, რომლის შემდეგაც ჩვენი ნაკვალები არც კი დარჩება", - წერს ავტორი.

ამ წიგნში ავტორი გამოთქვამს აზრს, რომლის მიხედვითაც:

"ჩვენმა „სტრატეგიულმა პარტნიორმა“, ევროკავშირთან ერთად, არ დაგვიტოვა ცხოვრების არც ერთი სფერო, რომლის გადაკეთებასაც, ე.წ. რეფორმირებით არ გვაიძულებდნენ, ნაცვლად ტრადიციული დარგების განვითარებაში დახმარებისა. საკითხავია, რა მიზანს ემსახურება მათი ჩვენს მიმართ ასეთი გულმოდგინებით მცდელობა „გაკეთილშობილებისა“, რაც პრინციპში დამოკიდებულია არა მათ „დახმარებაზე,“ არამედ ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეზე, რის შექმნაშიც თავად გვიშლის ხელს კოლონიალური პოლიტიკით და სულ უფრო და უფრო მიგვაქანებს სიღარიბისკენ".

საქართველოს პარლამენტის აპარატმა პოლიტიკოსის ამ კომენტარის საპასუხოდ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ "აპარატის ფუნქციას არ წარმოადგენს, საკუთარი ინიციატივით, პარლამენტის წევრებისთვის და თანამშრომლებისთვის წიგნების ან სხვა საჩუქრების დარიგება". ამავე განცხადებით ირკვევა, რომ წიგნი მიიღეს როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის დეპუტატებმა.

"პარლამენტის აპარატის კანცელარიის მიერ ადრესატებამდე დაიგზავნა მოქალაქე ალექსანდრე ქოჩიაშვილის (ალქოჩარი) მიერ გამოგზავნილი, მისივე ავტორობით გამოცემული პუბლიკაცია. ადრესატებში განსაზღვრული იყო საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის ფრაქციების, ასევე პოლიტიკური ჯგუფების წევრები", - წერია განცხადებაში.

მაშინ, როცა საქართველოს პარლამენტში ე.წ. აგენტების კანონი განიხილებოდა, პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს უკრძალავდნენ პროტესტის შემცველი წარწერებით ფურცლების შეტანას. მანდატურის სამსახურის თანამშრომლები ამოწმებდნენ ყველა ადამიანის ჩანთებს და მსგავსი ფურცლების აღმოჩენის შემთხვევაში, მათ იღებდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG