Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„TV პირველის“ ცნობით, პირი, რომელმაც ევროპული დროშა ჩამოხია, თავს დაესხა ჟურნალისტს


14 მარტი. თბილისი, „ალტ-ინფოს" აქცია
14 მარტი. თბილისი, „ალტ-ინფოს" აქცია

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში „TV პირველის“ ჟურნალისტ ნატო გოგელიასთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სპეციალური საგამოძიებო სამსახური სწრაფი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ატარებს.

„TV პირველის“ ინფორმაციით, კაცი, რომელიც ჟურნალისტ ნატო გოგელიას თავს დაესხა, მისი მობილური ტელეფონი დაამტვრია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, 14 მარტს თბილისში, პარლამენტის შენობიდან ევროპული დროშის ჩამოხევაში მონაწილეობდა.

„ნატო გოგელია ინტერვიუს ჩასაწერად მამუკა ანდღულაძესთან მივიდა, რომელმაც თბილისში პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშა ჩამოხია და დასაწვავად მის თანაგუნდელებს გადასცა", - იუწყება „TV პირველი".

ნატო გოგელია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ჩვენების მისაცემად გამოცხადდა.

განახლება

"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" განცხადებით გამოეხმაურა ჟურნალისტ ნატო გოგელიაზე თავდასხმის ფაქტს.

„ქარტიას არაერთხელ განუცხადებია, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმების გამომწვევი ფაქტორები მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გაჭიანურებული და გამოუძიებელი საქმეებია.

ქარტია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაწყებული გამოძიების ფარგლებში სწრაფად და ეფექტიანად შეისწავლონ ნატო გოგელიაზე თავდასხმის ფაქტი", - ვკითხულობთ ქარტიის განცხადებაში.

14 მარტს ჰომოფობიური და პრორუსული პოლიტიკური პარტია "კონსერვატიული მოძრობის" მოწოდებით რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა. მათ მსვლელობა მოაწყვეს თბილისის ქუჩებში და ბოლოს საქართველოს პარლამენტის შენობასთან მივიდნენ.

მათ იქ ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დემონსტრაციულად დაწვეს. ამის შემდეგ მუხლი მოიდრიკეს და დაიწყეს ლოცვა.

ამ საქმეზე შსს-მ ადმინისტრაციული წარმოება [კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლი] დაიწყო. უწყებაში ამბობენ, რომ სამართალდამრღვევ პირებს დააჯარიმებენ.

პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშა დააბრუნეს. იგი სამართალდამცავებმა აღმართეს.

XS
SM
MD
LG