Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისის აეროპორტიდან საფრანგეთში გააბრუნეს პანკისელი ქალი მცირეწლოვანი შვილით


ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

პანკისელი ქალი, ლეილა ქავთაროვა დღეს დილით საქართველოდან საფრანგეთში გააბრუნეს. 23 წლის ქალი ორ წლამდე ასაკის შვილთან ერთად საქართველოს საზღვარზე არ შემოუშვეს ქუთაისის აეროპორტში. მისი ქმარი, ბექა ტოხოსაშვილი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, ამბობს, რომ არ უთხრეს მიზეზი, რატომ არ უშვებდნენ მის ცოლსა და შვილს.

ქავთაროვა ქუთაისის აეროპორტში 14 მარტს ჩამოფრინდა. მას ქმართან შეხვედრა უნდოდა, თუმცა ოთხი დღე აეროპორტის ტერიტორიის ნეიტრალურ სივრცეში, საცხოვრებელში გაატარა - მას ქვეყანა ქმართან შეხვედრის გარეშე დაატოვებინეს.

"ფრანგული პასპორტი მაქვს, ჩემი ქმარი საქართველოში ცხოვრობს და მინდოდა რამდენიმე თვე აქ გამეტარებინა. ეს პირველი შემთხვევა არ არის. სექტემბერშიც იგივე შემემთხვა. უფრო ადრე მსგავსი პრობლემები არ ყოფილა. არავინ მითხრა მიზეზი, რატომ არ შემომიშვეს ქვეყანაში", - უთხრა რადიო თავისუფლებას ლეილა ქავთაროვამ, რომელსაც ასევე აქვს რუსეთის მოქალაქეობაც.

მედიასთან კომუნიკაციის შემდეგ ოჯახი ქალს ვერ უკავშირდებოდა - მისი ქმარი ვარაუდობდა, რომ მობილური ტელეფონი მესაზღვრეებმა ჩამოართვეს.

"მესაზღვრეებს უთქვამთ, აქედან ჟურნალისტებს ინტერვიუებს რომ აძლევ, ამიტომ გართმევთ ტელეფონსო. როგორც ვიცი, ამის უფლება არ ჰქონდათ, ეს კანონდარღვევაა", - ამბობს ტოხოსაშვილი.

რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროდან სამი დღის განმავლობაში ცდილობდა მიეღო პასუხი კითხვებზე, რატომ არ უშვებდნენ 23 წლის ქალს და რა მიზეზით ჩამოართვეს მას ტელეფონი. უწყებაში განმარტება ამ დრომდე არ გაკეთებულა.

ქუთაისის აეროპორტში 23 წლის ქალისა და მისი მცირეწლოვანი შვილის შეყოვნების საკითხზე 16 მარტს დუისის ცენტრში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილე ხასო ხანგოშვილის თქმით, ხშირია შემთხვევები, როცა საზღვარზე პანკისელებს უმიზეზოდ აყოვნებენ ან უკან აბრუნებენ.

"ძალიან გულნატკენი ვართ იმის გამო, რომ თითქმის ყველა პანკისელს გამშვებ პუნქტებზე უმიზეზოდ აყოვნებენ. ახლაც ასეთი შემთხვევაა. ჩვენ ადრეც მივმართეთ ხელისუფლებას და ახლაც ვეუბნებით, რომ მოაგვარონ ეს პრობლემა. ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა ჩვენ მიმართ", - თქვა ხასო ხანგოშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG