Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიაომბუდსმენი: TV პირველის ჟურნალისტზე და მისი ოჯახის წევრებზე მუქარა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს


ნატო გოგელია, TV პირველის ჟურნალისტი
ნატო გოგელია, TV პირველის ჟურნალისტი

მედიაომბუდსმენი TV პირველის ჟურნალისტზე, ნატო გეგლიაზე თავდასხმის საქმეს ეხმაურება და წერს, რომ ჟურნალისტზე და მისი ოჯახის წევრებზე მუქარა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

მედიაომბუდსმენი წერს, რომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ ყოველთვის სწრაფად და ეფექტურად იმოქმედოს როგორც ჟურნალისტთა უფლებების დაცვის, ისე ჟურნალისტების და მათი ოჯახის წევრების მხარდასაჭერად.

ოჯახის მიმართ მუქარაზე ჟურნალისტმა ნატო გოგელიამ დღეს, 19 მარტს ფეისბუქპოსტი გამოაქვეყნა. იგი აღნიშნავს, რომ ამ ფაქტებზე ინფორმაცია აქვთ სახელმწიფო უწყებებსაც, თუმცა მათგან გამოხმაურება არ ყოფილა.

"2 დღეა წარმოუდგენელი ბულინგის, თავდასხმის, მუქარის ქვეშ უწევს ჩემს ოჯახს ცხოვრება. 2 დღეა, დუმს ყველა სახელმწიფო უწყება!!! შინაგან საქმეთა სამინისტრო - არ თქვათ, რომ რაც სოცქსელში ხდება არ იცით!!! სპეციალური საგამოძიებო სამსახური - არ თქვათ, რომ ეს მიზანმიმართული კამპანია გამოგეპარათ და ვერაფერს ამჩნევთ!!!

ის, რომ სახელმწიფო არ გვაქვს, ამ ბოლო მოვლენებმაც დაადასტურა! ის, რომ ამ ქვეყანაში მოძალადეების და პუტინის მეხოტბეებისთვის ყველაფერი გაპრავებულია ესეც ფაქტია, მაგრამ ზღვარი მართლა არაფერში გაქვთ???..." - წერს ის.

ნატო გოგელიაზე ძალადობის ბრალდებით საგამოძიებო სამსახურმა ერთი ადამიანი 2 დღის წინ, 17 მარტს დააკავა.

"რეპორტაჟზე მუშაობის დროს, ბრალდებულმა მ.ა.-მ, პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, ჟურნალისტს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, წაართვა მობილური ტელეფონი და დაუზიანა. აღნიშნული ქმედებით, ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეეშალა, კერძოდ ვერ განახორციელა სიუჟეტის ჩაწერა, ხოლო ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი", - წერია საგამოძიებო საგამოძიებო სამსახურის გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავებულ კაცს ბრალს სისხლის სამართლის კოდექსის სამ მუხლს ედავებიან, ესენია 154-ე მუხლის მეორე ნაწილი (ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა), 126-ე მუხლის პირველი ნაწილი (ძალადობა) და 187-ე მუხლის პირველი ნაწილი (ნივთის დაზიანება).

"TV პირველის" ჟურნალისტმა დაკავებულ მამუკა ანდღულაძეს სახლში რამდენიმე 15 მარტს მიაკითხა და ჰკითხა, რატომ ჩამოხია პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშა - ინციდენტი სწორედ ამ დროს მოხდა.

„TV პირველის“ ინფორმაციით, კაცი, რომელიც ჟურნალისტ ნატო გოგელიას თავს დაესხა, მისი მობილური ტელეფონი დაამტვრია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, 14 მარტს თბილისში, პარლამენტის შენობიდან ევროპული დროშის ჩამოხევაში მონაწილეობდა.

XS
SM
MD
LG