Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლინიკა "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილი და 13 პატიმარი მოვინახულე - ლევან იოსელიანი


ლევან იოსელიანი, ომბუდსმენი
ლევან იოსელიანი, ომბუდსმენი

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, მან დღეს, 19 მარტს "ვივამედში" ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ამავე კლინიკაში მყოფი კიდევ 13 პატიმარი მოინახულა.

"თითქმის ერთი საათი ვისაუბრეთ მე და ყოფილმა პრეზიდენტმა სხვადასხვა თემებზე.

ვინაიდან არ ვარ ექიმი და არ მაქვს შესაბამისი კვალიფიკაცია, არ შევალ მისი სამედიცინო მდგომარეობის დეტალების განხილვაში, ეს სპეციალისტების საქმეა.

თუმცა, ჩემი მხრივ, დავუდასტურე, რომ მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ყველა ის მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც სახალხო დამცველს აქვს, მათ შორის სამედიცინო კონსილიუმი, შენარჩუნებული იქნება და ამ პროცესს ჩემგან არანაირი შეფერხება არ ექნება. ასევე დავუდასტურე, რომ სახალხო დამცველი საკუთარი მანდატის ფარგლებში გააგრძელებს მის ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას", - აცხადებს ლევან იოსელიანი.

იგი, ასევე აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია იმ პატიმრების მდგომარეობაც, რომლებიც ამ კლინიკაში მკურნალობენ: "მათაც აქვთ კონკრეტული საჭიროებები, რომელსაც მომავალში სახალხო დამცველის რწმუნებულები კიდევ უფრო დეტალურად შეისწავლიან".

მიხეილ სააკაშვილი 2022 წლის მაისიდან კლინიკა "ვივამედში" მკურნალობს. ოჯახი და ადვოკატები ამბობენ, რომ მისი მდგომარეობა, გაუმჯობესების ნაცვლად, სულ უფრო მძიმდება.

  • 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო მისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ. სპეციალური პენიტენციური სამსახურის პოზიციაა, რომ სააკაშვილს არ აქვს არცერთი ისეთი დაავადება, რომელიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების საფუძველს.
  • ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
  • 2018 წელს საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის სიკვდილის გამო მსჯავრდადებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის, ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.
  • ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეებიც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით და 2007 წლის ნოემბერში ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე.
  • 2021 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში.
  • სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ყალბი ბრალდებების საფუძველზე მისი დაპატიმრებით "ქართული ოცნების" ხელისუფლება რუსეთის დაკვეთას ასრულებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG