Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბეთის პრეზიდენტმა კოსოვოსთან საერთაშორისო დოკუმენტების ხელმოწერაზე უარი განაცხადა


ალექსანდარ ვუჩიჩი, სერბეთის პრეზიდენტი
ალექსანდარ ვუჩიჩი, სერბეთის პრეზიდენტი

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ბელგრადი ცდილობს ურთიერთობების ნორმალიზებას პრიშტინასთან, მაგრამ არ მოაწერს ხელს კოსოვოსთან საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტებს, რადგან სერბეთი არ აღიარებს მის დამოუკიდებლობას.


„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, განცხადება გაკეთდა ერთი დღის შემდეგ, რაც კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ალბინ კურტმა 18 მარტს განაცხადა, რომ კოსოვოსა და სერბეთის ლიდერებს შორის ოჰრიდში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, 12-საათიანი შეხვედრის შემდეგ მიღწეული ზეპირი შეთანხმება კოსოვოს ავტონომიის "დე ფაქტო აღიარებაა".

ამით სერბეთის პრეზიდენტმა გაიმეორა მის მიერვე ერთი კვირის წინ გაკეთებული განცხადება. 11 მარტს ალექსანდარ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ მისი ხელმძღვანელობისას არ მოხდება "არც ფაქტობრივი და არც დე იურე" აღიარება მეზობელი კოსოვოსი და პირობა დადო, რომ თვითონ "არ იქნება ის, ვინც ხელს მოაწერს" სერბეთის ყოფილი ოლქის დამოუკიდებლობას, სადაც უმრავლესობას ეთნიკური ალბანელები შეადგენენ.

ამ განცხადებებმა შეასუსტა დიპლომატიური იმპულსი, რომელიც გამოჩნდა მას შემდეგ, რაც ვუჩიჩმა და კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა, ალბინ კურტიმ, 27 თებერვალს ბრიუსელში განაცხადეს თავიანთი მზადყოფნის შესახებ, გააგრძელონ ფრანგულ-გერმანული გეგმის სახელით ცნობილი, ნორმალიზებისთვის შექმნილი საგზაო რუკის განხორციელება.

მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყანა აღიარებს კოსოვოს მიერ 2008 წლის ცალმხრივად გამოცხადებულ დამოუკიდებლობას, რომელიც მოჰყვა მწვავე ომს იუგოსლავიის დაშლის შემდეგ და რომელიც არ აღიარეს სერბეთმა, რუსეთმა და ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფომ.

სერბეთის კონსტიტუციის თანახმად, კოსოვოს ოლქი მისი ავტონომიური ერთეულია. ბელგრადი რეგიონს ვერ აკონტროლებს. კოსოვოს ჩრდილოეთში მცხოვრები სერბები არ ემორჩილებიან კოსოვოს ხელისუფლებას.

XS
SM
MD
LG