Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზოგი [მეოთხე სართულიდან] გადახტომას ცდილობდა - ბადრი ესებუას საქმის მოწმე


ბადრი ესებუა
ბადრი ესებუა

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში "საქართველოს ბანკის" ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის საქმეზე მოწმეთა დაკითხვა გრძელდება. მაკა კილაბერია, რომელიც ბანკში 2015 წლიდან მუშაობდა, ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომლებიც თავდამსხმელის შეჭრის დროს შენობაში იყვნენ. ის სასამართლომ დღეს, 20 მარტს, დაკითხა.

"საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალს სამი სართული აქვს, კილაბერია ამ შენობის მეორე სართულზე მუშაობდა. მან სასამართლოს უთხრა, რომ თავდამსხმელი იმ დროს შევიდა შენობაში, როცა ის შესვენებაზე გასვლას აპირებდა.

"დღის მეორე ნახევარი იყო, შესვენებაზე გავდიოდი. სამის ნახევარი თუ რაღაც პერიოდი იყო. კიბეებზე ჩავდიოდი, რა დროსაც შემომესმა ხმაური, ჩოჩქოლი იყო, თანამშრომლების ყვირილი. ჩასვლა ვერ მოვასწარი, თანამშრომელი შემხვდა და მითხრა, რომ ყაჩაღია იარაღით. ქვემოთ აღარ ჩავედი, ვერანდისკენ წავედი. სხვა თანამშრომლებმა ჩვენგან გაიგეს - მეორე და მესამე სართულზეც არის სამუშაო სივრცე. მესამე სართულის ზემოთ არის ვერანდა", - თქვა მოწმემ.

ბანკის თანამშრომელს სთხოვეს გაეხსენებინა ის ემოციები, რომელებიც იმ დღეს განიცადა.

"დღემდე მომყვება სტრესი და დღე არ გავა, რომ არ გამახსენდეს. არ მახსოვს, რა პერიოდი ვიყავით. არ ვიცოდით, რას იზამდა. დროის აღქმაც კი დავკარგე, ყველა ერთად ვყვიროდით. ზოგმა გადახტომაც კი სცადა. ბიჭები აჩერებდნენ, რომ [საავარიო] კიბეებზე არ ჩასულიყვნენ, ფეხი არ დასცურებოდათ. კიბეებს უკანა საყრდენი არ ჰქონდა, ძალიან სახიფათო იყო ჩამოსვლა - ზოგს ფეხი უკანკალებდა... დიდი ხანი ვერ შევძელი ჩასვლა, ფეხები მიკანკალებდა - რამდენიმე ჩავიდა, ზოგი ფეხშიშველი, ფეხსაცმელი გადაყარეს... მე რომ ჩავედი, ისე მოვჭიდებივარ რკინის მოაჯირს, რომ ერთი კვირა გამაყუჩებლებზე ვიყავი, ხელებს ვერ ვამოძრავებდი", - თქვა "საქართველოს ბანკის" თანამშრომელმა.

საქმეზე მოწმეების გამოკითხვა გრძელდება.

2-წლიანი ძებნის შემდეგ ბადრი ესებუას დაკავება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 8 თებერვალს დაადასტურა. იგი ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში, ნათესავის სახლში დააკავეს. ბადრი ესებუა დაკავებულია ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით.

„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულ ბადრი ესებუას დაკავების შემდეგ, 9 თებერვალს, პროკურატურამ კიდევ ერთი ბრალი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის მუხლით წარუდგინა.

ბადრი ესებუა არ აღიარებს წარდგენილ ბრალდებებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. შეიარაღებული, ნიღბიანი პირი ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში, 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა და მძევლად აიყვანა 43 ადამიანი. ის 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა. სამართალდამცავებთან მოლაპარაკების შედეგად მოთხოვნებზე თანხმობის მიღების შემდეგ, ესებუამ მძევლების უმრავლესობა გაათავისუფლა და სამ მძევალთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. მოგვიანებით კი ჩხოროწყუს მიმდებარედ სიბნელეში გაუჩინარდა.

XS
SM
MD
LG