Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევი ჰააგის სასამართლოს სარაკეტო დარტყმით ემუქრება


დმიტრი მედვედევი, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი
დმიტრი მედვედევი, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი ამბობს, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ბირთვული სახელმწიფოს პრეზიდენტის გასამართლების მცდელობას „საშინელი შედეგები“ ექნება საერთაშორისო სამართლისთვის. ასე გამოეხმაურა მედვედევი თავის ტელეგრამის არხზე ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ ვლადიმირ პუტინის დასაკავებლად ორდერის გაცემას. მედვედევი წერს, რომ რუსეთს საპასუხოდ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს შენობაზე ჩრდილოეთის ზღვიდან სარაკეტო დარტყმის განხორციელება შეუძლია.

„სასამართლო საცოდავი საერთაშორისო ორგანიზაციაა და არა ნატოს ქვეყნების მოსახლეობა, ამიტომ ომსაც არ დაიწყებენ, შეშინდებიან. ჩივილსაც ვერავინ დაიწყებს, ასე რომ პატივცემულო მოსამართლეებო, ყურადღებით უყურეთ ცას“, - წერს მედვედევი.

17 მარტს „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მეორე წინასასამართლო პალატამ უკრაინის სიტუაციის კონტექსტში გამოსცა დაპატიმრების ორდერები ორ პირზე: "ბატონ ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინსა და ქალბატონ მარია ალექსეის ასულ ლვოვა-ბელოვაზე".

17 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მათ შორის არც სამართლებრივი თვალსაზრისით.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიმართ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაპატიმრების ორდერის გაცემას გარდამტეხი მომენტი უწოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG