Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოქალაქეების დაფინანსებით, მშობლიურ სოფელში გიორგი ანწუხელიძის ბიუსტის დადგმას გეგმავენ


საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ბიუსტის ესკიზი
საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ბიუსტის ესკიზი

საქართველოს ეროვნულ გმირს, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში ოკუპანტების მიერ წამებით მოკლულ გიორგი ანწუხელიძეს, მშობლიურ სოფელში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში, ბიუსტს დაუდგამენ. ბიუსტი სოფლის ცენტრში განთავსდება. გადაწყვეტილება ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღო. დამფინანსებელიც ხალხი იქნება.

რამდენიმე დღის წინ იდეის განსახორციელებლად „თუშეთის განვითარების ფონდმა" ინფორმაცია სოციალურ ქსელშიც გაავრცელა და თანხის შეგროვება დაიწყო. ფონდის ხელმძღვანელმა ზურაბ ბაბულაიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ბიუსტის დამზადება-განთავსების სრული ღირებულება დაახლოებით 5-6 ათასი აშშ დოლარია.

„იდეა დიდი ხნის წინ გაგვიჩნდა, თუმცა ორგანიზება ახლა შევძელით. 5 000 დოლარი სჭირდება ბიუსტს, ათასი დოლარი კი რაზეც უნდა დაიდგას. მომზადდა ესკიზი და შეთანხმებულია ოჯახთან. ხალხი უკვე რიცხავს თანხებს. ჩვენი ფონდი ყოველ წელს შემოდგომაზე, ნოემბრის ბოლოს ატარებს ანწუხელიძის კვირეულს და გვინდა, რომ ამ ღონისძიებისთვის უკვე განხორციელებული იყოს ჩვენი წამოწყება“ - თქვა ზურაბ ბაბულაიძემ.

ამ დროისთვის ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში ეროვნული გმირის მემორიალი არსებობს. მომავალში ხალხის ინიციატივით აგებული ბიუსტიც მემორიალთან განთავსდება. ბიუსტზე იმუშავებს თუში მოქანდაკე ბადრი თავბერიძე

„მრავალი ბიუსტი მაქვს დამზადებული, თუმცა ეს პირველი შემთხვევა იქნება, როცა გმირი ჯარისკაცის მონუმენტს დავამზადებ“, - თქვა მოქანდაკემ.

საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ბიუსტის ესკიზი
საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ბიუსტის ესკიზი

საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოში საოკუპაციო ძალებმა ცხინვალში წამებით მოკლეს. ანწუხელიძის ცხედრის გადმოსვენება 2008 წლის ნოემბერში მოხერხდა. მისი წამების ამსახველი ვიდეოკადრები კი ინტერნეტში 2009 წელს გავრცელდა. სიკვდილის შემდეგ გიორგი ანწუხელიძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

გიორგი ანწუხელიძის მემორიალი სოფელ ქვემო ალვანში
გიორგი ანწუხელიძის მემორიალი სოფელ ქვემო ალვანში
XS
SM
MD
LG