Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს და სერბეთის პარლამენტების სპიკერებმა EU-ს წევრობის ერთობლივ მხარდაჭერაზე განცხადება გააკეთეს


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ვლადიმირ ორლიჩი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ვლადიმირ ორლიჩი

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ვლადიმირ ორლიჩი შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს. შეხვედრის შემდეგ სპიკერებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროკავშირში წევრობის ერთობლივი მხარდაჭერის შესახებ.

პაპუაშვილმა და ორლიჩმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოსა და სერბეთის მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობა, რაც მათი განცხადებით, განმტკიცებულია ევროკავშირის წევრობის საერთო მისწრაფებებით, აგრეთვე საერთაშორისო სამართლის, მათ შორის, სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ფუნდამენტური პრინციპების მტკიცე ერთობლივი მხარდაჭერით.

პარლამენტების თავმჯდომარეები მიესალმნენ საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი კავშირების გააქტიურებას მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების, მათ შორის, შესაბამისი პარლამენტების სპიკერების, მეგობრობის ჯგუფების და სექტორული კომიტეტების ურთიერთგაცვლით, რაც გათვალისწინებულია ორ პარლამენტს შორის 2019 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულებით.

როგორც საქართველოს პარლამენტის ვებსაიტი იუწყება, მოლაპარაკებების დღის წესრიგი აგრეთვე მოიცავდა სერბეთისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესებს. მხარეებმა დაადასტურეს ევროკავშირში წევრობისადმი მტკიცე ერთგულება და ერთობლივი მხარდაჭერა, ასევე ინტენსიურად თანამშრომლობის და ტრადიციულად გაზიარებული ევროპული ღირებულებების წახალისების მზადყოფნა ორი ქვეყნის მოქალაქეების საკეთილდღეოდ. ისინი შეთანხმდნენ, რომ სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული პარლამენტი საქართველოს პარლამენტს გაუზიარებს ევროპული ინტეგრაციის პროცესში საკუთარ ღირებულ გამოცდილებას.

ვლადიმირ ორლიჩმა და შალვა პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილეს ორი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურთიერთპატივისცემის მნიშვნელობაზე.

საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 2022 წლის 3 მარტს წარადგინა. ამის შემდეგ საქართველოს მთავრობამ ევროკომისიისგან მიიღო კითხვარი, რომელიც პასუხებით ბრიუსელს დაუბრუნა. 2022 წლის თებერვალსა და მარტში ევროკავშირის წევრობის განაცხადები წარადგინეს უკრაინამ და მოლდოვამაც. ივნისში ევროკავშირმა ამ ორ ქვეყანას მიანიჭა წევრობის კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს - ევროპული პერსპექტივა. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ 12 პირობა უნდა შეასრულოს.
XS
SM
MD
LG