Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა წერია საქართველოზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ადამიანის უფლებების შესახებ 


სახელმწიფო დეპარტამენტის შენობა, ვაშინგტონი, აშშ
სახელმწიფო დეპარტამენტის შენობა, ვაშინგტონი, აშშ

სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ანგარიშში მსოფლიოში ადამიანის უფლებების შესახებ საქართველოს თავში წერია, რომ ქვეყანაში კვლავ პრობლემად რჩება დაუსჯელობა, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ ზომები მიიღო ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევების გამოსაძიებლად.

ივლისის ძალადობა - დაუსჯელი ორგანიზატორები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ მთავრობის წარუმატებლობამ, სანდო გამოძიება ჩაეტარებინა და სამართლებრივი დევნა განეხორციელებინა 2021 წლის ივლისის ძალადობის ორგანიზატორების წინააღმდეგ, მოიტანა ის, რომ ამ სამართალდარღვევებთან დაკავშირებულები დაუსჯელი არიან.

20-21 ივნისისა და მუხთარლის საქმეები

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ იგივე ვითარებაა 2019 წლის ივნისის დემონსტრაციების დროს ჟურნალისტებისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის მიერ არასათანადო ძალის გამოყენებისა და 2017 წელს აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის, აფგან მუხთარლის საქართველოდან გატაცებისა და გადაცემის საქმეებზე.

გვარამიას საქმე - ოპონენტების გაჩუმება

სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ანგარიშში საქართველოზე ნათქვამია, რომ სახალხო დამცველის აპარატმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ოპოზიციურმა პარტიებმა და საერთაშორისო ჯგუფებმა, მათ შორის Amnesty International-მა და ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა (CPJ), გააკრიტიკეს 16 მაისის გადაწყვეტილება, რა დროსაც ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორს, ნიკა გვარამიას პატიმრობა მიუსაჯეს.

სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ გვარამიას საქმე სახალხო დამცველმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა პოლიტიკურ დევნად შეაფასეს. როგორც ანგარიშში წერია, Amnesty International-ის თანახმად, გვარამიას გასამართლებისას „რიგ საქმეებში სასამართლოებზე ხელისუფლების მზარდი გავლენა გამოავლინა, რაც ხელისუფლების კრიტიკოსებისა და ოპონენტების გაჩუმებას ისახავს მიზნად”.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური

ანგარიშის ავტორები წერენ, რომ 2021 წლის დეკემბერში საპარლამენტო კენჭისყრის შემდეგ, მარტში სპეციალური საგამოძიებო სამსახური (SIS) გაუქმდა. მის ნაცვლად შეიქმნა ორი ცალკე უწყება, რომლებიც იძიებენ სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებასა და პერსონალური მონაცემების საქმეებს.

წინა მანდატისაგან განსხვავებით, რომ ყველა სამართალდამცავი ორგანოს მიმართ თანასწორუფლებიანობის საფუძველზე მოხდეს გამოძიება, კანონი ახალ საგამოძიებო უწყებას არ აძლევს უფლებას, გამოიძიოს პროკურორების მიერ ჩადენილი ზოგიერთი დანაშაული, როგორიცაა მკვლელობა და სხეულის დაზიანება.

სააკაშვილის საქმე - სავარაუდო არაადამიანური მოპყრობა

პარლამენტის გადაწყვეტილებამდე SIS-ი იძიებდა ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის მიმართ სავარაუდო არაადამიანურ მოპყრობას 2021 წლის ნოემბერში, მისი იძულებით გადაყვანის დროს რუსთავის ციხიდან გლდანის პენიტენციარულ კლინიკაში.

საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაარღვიეს მონაცემთა დაცვის კანონი სააკაშვილის შესახებ რამდენიმე საკამათო ვიდეოს გამოქვეყნებით.

ცალკე თავში პიროვნების ხელშეუხებლობის პატივისცემის შესახებ და ქვეთავში თვითნებური მკვლელობის და სხვა უკანონო ან პოლიტიკურად მოტივირებული მკვლელობების შესახებ, წერია, რომ ინფორმაცია იმაზე, რომ მთავრობამ ან მისმა აგენტებმა ჩაიდინეს თვითნებური ან უკანონო მკვლელობები, არ მოიპოვება.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური (SIS) იძიებდა, იყო თუ არა უშიშროების ძალების მიერ ჩადენილი მკვლელობები გამართლებული და გენერალური პროკურატურა აგრძელებდა ამ საქმეების გარკვევას. ანგარიშის თანახმად, წლის განმავლობაში დაფიქსირდა ერთი ცნობა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში შესაძლო თვითნებური ან უკანონო სიკვდილის შესახებ.

18 თებერვლის ანგარიშში (ეუთოს) დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა გააკრიტიკა პროცესი, რომლითაც ახალი კანონები კონსულტაციების გარეშე იქნა მიღებული.

ანგარიშში ლაპარაკია შემთხვევაზე, როცა მაისში დაახლოებით 30-კაციანი ჯგუფი თავს დაესხა ხუთ ტრანსგენდერ ქალს თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, საკუთარ სახლში. კანონი პირის სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის გამო ცრურწმენის საფუძველზე მოქმედებას ყველა დანაშაულის დამამძიმებელ ფაქტორად აქცევს. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, მთავრობა იშვიათად ახორციელებდა კანონს.

საქართველოს კანონი ზოგადად ითვალისწინებს დასაქმებულთა, მათ შორის მთავრობის თანამშრომლების უფლებას, შექმნან და შეუერთდნენ დამოუკიდებელ პროფკავშირებს, ლეგალურად გაიფიცონ და კოლექტიური მოლაპარაკებები გააფორმონ. კანონის თანახმად, თუ პროფკავშირი ან დასაქმებულთა ჯგუფი იწყებს მოლაპარაკებებს კოლექტიური ხელშეკრულების დადებაზე, დამსაქმებლები მოლაპარაკებას აწარმოებენ კეთილსინდისიერად.

მიუხედავად იმისა, რომ კანონი ითვალისწინებს გაერთიანებისა და კოლექტიური მოლაპარაკებების თავისუფლების უფლებებს, დამსაქმებლები ყოველთვის არ აწარმოებდნენ მოლაპარაკებას კეთილსინდისიერად. დამსაქმებლების ვალდებულებები, მონაწილეობა მიიღონ მოლაპარაკებაში, მკაფიოდ არ არის განსაზღვრული კანონით ან პრაქტიკით, იტყობინება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებათა პრაქტიკის შესახებ მოიცავს საერთაშორისოდ აღიარებულ ინდივიდუალურ, სამოქალაქო, პოლიტიკურ და შრომის უფლებებს, როგორც ამას განსაზღვრავენ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და სხვა საერთაშორისო შეთანხმებები.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი დახმარების მიმღები, ასევე გაეროს ყველა წევრი სახელმწიფოს შესახებ ანგარიშებს წარუდგენს აშშ-ს კონგრესს, 1961 წლის საგარეო დახმარების აქტისა და 1974 წლის ვაჭრობის აქტის შესაბამისად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG