Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ უკრაინას დამატებით 350 მილიონ დოლარს გამოუყოფს სამხედრო დახმარების სახით


 აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაცხადა 20 მარტს, რომ აშშ დამატებით 350 მილიონ დოლარს გამოუყოფს უკრაინას სამხედრო დახმარების სახით.

„სამხედრო დახმარების ეს პაკეტი გულისხმობს დამატებით საბრძოლო მასალებს აშშ-ის მიერ მიწოდებული HIMARS-ის ტიპის სისტემების და ჰაუბიცებისთვის, რომლებსაც უკრაინა იყენებს თავდაცვისთვის, ასევე ქვეითთა საბრძოლო Bradley-ის ტიპის მანქანებს, HARM-ის რაკეტებს, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, სამდინარო კატარღებს და სხვა აღჭურვილობას“, - ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში.

აშშ-მა უკრაინას 30 მილიარდ დოლარზე მეტი გამოუყო შეიარაღებისთვის, რომელსაც უკრაინა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ იყენებს 2022 წლის 24 თებერვალს მის ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრის შემდეგ.

„რუსეთს შეუძლია თავისი ომი დაასრულოს დღეს. სანამ რუსეთი ამას არ გააკეთებს, ჩვენ უკრაინასთან ერთად ვიქნებით, სანამ ამის საჭიროება იარსებებს“, - თქვა ბლინკენმა.

დახმარების შესახებ აშშ-ის განცხადება გაკეთდა იმ დღეს, როცა მოსკოვში ჩავიდა ჩინეთის ხელმძღვანელი სი ძინპინი, რომელიც ცდილობს, წარმოაჩინოს ჩინეთის, როგორც ომში პოტენციური მშვიდობისმყოფელის, როლი. იგი პირველი უცხოელი ლიდერია, რომელიც რუსეთს ეწვია და პუტინს შეხვდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაციის გამო პუტინის მიმართ დაპატიმრების ორდერის გაცემის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG