Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Politico: ევროკავშირს მოუწოდეს სანქციები დაუწესოს პრორუს ოლიგარქებს მოლდოვასა და საქართველოში


ევროკავშირის დროშები ბრიუსელში, ევროკომისიის ოფისთან
ევროკავშირის დროშები ბრიუსელში, ევროკომისიის ოფისთან

ევროპის რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირს მოუწოდა, სანქციები დაუწესოს ოლიგარქებს, რომლებსაც კავშირი აქვთ მოლდოვასა და საქართველოში დესტაბილიზაციის მცდელობებთან, რუსეთის ჩარევის მზარდი საფრთხის ფონზე. ამის შესახებ გამოცემა Politico წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 20 მარტს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ განაცხადა, რომ მოლდოვა და საქართველო დესტაბილიზაციის მცდელობებს აწყდებიან, რასაც დიდი ყურადღება სჭირდება და გამართლებული იქნებოდა ამ მცდელობებზე პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაწესების შესაძლებლობის განხილვის დაწყება. Politico-ს თანახმად, ევროკავშირს მოლდოვაში პრორუსი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციებისკენ მოუწოდეს რუმინეთის და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა. გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან არ ჩანს, რომ მინისტრებმა კონკრეტული ოლიგარქები დაასახელეს.

ამასთან, Politico ხაზს უსვამს მოლდოვის ხელისუფლების ბოლოდროინდელ განცხადებებს, რომ რუსეთს სურს მოლდოვის პროევროპული, დემოკრატიული კურსის შეცვლა და ამ კონტექსტში ახსენებს პრორუს ოლიგარქ ილან შორს, რომელსაც ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დაფინანსებაში ადანაშაულებენ.

საქართველოს კონტექსტში Politico წერს საპროტესტო აქციებზე „უცხოეთის აგენტების“ კანონპროექტის წინააღმდეგ, ხაზს უსვამს, რომ ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით, ეს კანონპროექტი მოსკოვიდან იყო ნაკარნახევი და ასევე, იმას, რომ „ქართული ოცნების“ მიერ კანონპროექტზე უარის მიუხედავად, საქართველოში იზრდება შეშფოთება, რომ მთავრობა მოსკოვს უახლოვდება. Politico წერს, რომ მმართველი პარტიის დამფუძნებელს, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს აქვს მჭიდრო კავშირები რუსეთთან, სადაც 1990-იან წლებში ქონება დააგროვა.

XS
SM
MD
LG