Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე: მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი უკადრებელს არ იკადრებს


ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე

მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის სპიკერი შალვა პაპუაშვილი ახალგაზრდებზე გამოთქმული კომენტარისთვის გააკრიტიკა. კობახიძე პრეზიდენტის განცხადებას "გაუგებარს" უწოდებს და ამბობს, რომ "მისი პრინციპებიდან" გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილი "უკადრებელს არ იკადრებს".

"სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი ხშირად აკეთებს ხოლმე ასეთ გაუგებარ განცხადებებს. შალვა პაპუაშვილს საუბარი ჰქონდა კონკრეტულ ფაქტებზე, სადაც გამოიკვეთა კონკრეტული ახალგაზრდების მოსყიდვა. მაგალითად, 1000-ლარიან მოსყიდვაზე, 5000-ლარიან მოსყიდვაზე იყო საუბარი. ამაზე გააკეთა განცხადებები შალვა პაპუაშვილმა, რაც არასწორად განაზოგადა საქართველოს პრეზიდენტმა. არ ვიცი, ის შეცდომაში შეიყვანეს თუ არა. მე მაინც მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილს აქვს თავისი პრინციპები და აქედან გამომდინარე, კრიტიკულ მომენტებში ის უკადრებელს არ იკადრებს", - თქვა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ჟურნალისტებთან კომენტარში.

საქართველოს პრეზიდენტი გუშინ, 20 მარტს, ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა 7-9 მარტის საპროტესტო აქციებში მონაწილე ახალგაზრდების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას. სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ თანამდებობა არავის ანიჭებს საკუთარი მოქალაქეების შეურაცხყოფის უფლებას.

„სრულიად მიუღებლად მიმაჩნია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ახალგაზრდების მიმართ გაკეთებული ბოლო განცხადება.

შეიძლება ხელისუფლების წარმომადგენელი რომელიმე პროტესტის ფორმას არ ეთანხმებოდეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თანამდებობა ვინმეს საკუთარი მოქალაქეების შეურაცხყოფის უფლებას ანიჭებს.

ასეთი შეფასებები შესაძლოა, მხოლოდ დაძაბულობის გამძაფრებას ემსახურებოდეს და არა ახალგაზრდებთან აუცილებელი კომუნიკაციის აღდგენას, რასაც ყველა საშუალებით უნდა ცდილობდეს ხელისუფლება, მით უმეტეს, ამ ბოლო მოვლენების ფონზე", - დაწერა ზურაბიშვილმა.

მანამდე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში აღნიშნა, რომ „ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფის რომანტიზებას" რომ ცდილობენ, სწორედ ის ჯგუფი ესროდა პოლიციას მოლოტოვის კოქტეილებს.

"ვნახეთ ასევე 1000-ლარიანი ახალგაზრდები. მათი ამა თუ იმ ლექტორთან შეშვება ხდება აუდიტორიაში. ვნახეთ ფაქტი, რომ ირაკლი კობახიძის ლექციის ჩაშლის მცდელობა იყო. ეს იყო ადამიანი, რომელიც არც თსუ-ის სტუდენტია და სადაც სტუდენტი იყო, იქაც შეჩერებული აქვს სტატუსი. პოლიტიკურად ანგაჟირებული 1000-ლარიანი ახალგაზრდები ცდილობენ „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინირებით, ადამიანები ზიზღის ობიექტები გახადონ. ოპოზიცია ცდილობს, ამ გარემოში გვამყოფოს და სეგრეგაცია და თანამედროვე ფაშიზმი დაამკვიდროს".

საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა 7 მარტს პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული კანონპროექტი უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი (მინიმუმ 20%) უცხოეთიდანაა მიღებული.

7-9 მარტს პარლამენტის წინ შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური დანიშნულების რაზმები იყენებდნენ დიდი რაოდენობით წყლის ჭავლს, ცრემლმდენ გაზსა და პილპილის აეროზოლს. მათ შორის იმ ადამიანების წინააღმდეგაც, რომლებიც მათთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდნენ.

ათობით მოქალაქემ სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. მათ შორის ერთ-ერთმა ცალ თვალში დაკარგა მხედველობა.

უპრეცედენტო პროტესტმა და საერთაშორისო ზეწოლამ შედეგი გამოიღო. მმართველმა პარტიამ 9 მარტს გადაწყვიტა, რომ კანონპროექტი უკან გაეწვია. რეგლამენტის თანახმად, 10 მარტს სპეციალურად დანიშნულ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა მეორე მოსმენით უყარა კენჭი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს და ჩააგდო.

XS
SM
MD
LG