Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა სეფაშვილი: "ხალხის ძალის" კანონპროექტი იყო მართებული, სწორი და ადეკვატური


ეკა სეფაშვილი
ეკა სეფაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა სეფაშვილი ამბობს, რომ მისი მოძრაობის, "ხალხის ძალის" მიერ ინიციირებული კანონპროექტი ე.წ. აგენტების შესახებ "იყო მართებული, სწორი და ადეკვატური ნაბიჯი იმ გამოწვევების საპასუხოდ, რომლებიც საქართველოს წინაშეა". კანონპროექტზე, რომლის პირველი მოსმენით მიღებამაც ათასობით ადამიანი გამოიყვანა ქუჩაში, დეპუტატმა სეფაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან ისაუბრა.

მისი თქმით, სწორედ მსგავსი კანონის მიღება უნდათ კანადაში და ამ საჭიროებაზე საუბრობს ევროპარლამენტიც. თუმცა ეს ასე არ არის.

"ნამდვილად, სწორედ ეს იყო ეროვნული ინტერესების საპასუხოდ მიღებული და გადგმული ნაბიჯი, რომელიც ჩვენმა სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს და, რა თქმა უნდა, უნდა დაიცვას ისევე, როგორც ნებისმიერმა სახელმწიფომ მსოფლიოში...

აგრძელებენ ისევ იმ ცრუ ნარატივს, თურმე, [კანონპროექტი] რუსულია, იმიტომ რომ იციან ქართული საზოგადოებისთვის რუსული არის ერთადერთი და ყველაზე მძაფრი წითელი ხაზი. სხვა არგუმენტი ამ კანონპროექტის წინააღმდეგ არ აქვთ. "რუსული, რუსული!" - ისევ გაიძახიან.

ერთადერთი არგუმენტი, რომელიც ამ "რუსულობის" სასარგებლოდ მოჰყავთ, არის ის, რაც მოვისმინე, - რომ სულისკვეთებაა რუსული და კიდევ ის, რომ თურმე, პუტინმა მერე რაღაც მუხლები დაამატა, რომელმაც შეზღუდა სამოქალაქო საზოგადოება. საიდან იციან, რა პროგნოზებზე დაყრდნობით აკეთებენ ამას?!" - თქვა დეპუტატმა სეფაშვილმა.

სეფაშვილამდე პარლამენტის ტრიბუნიდან კოლეგებს მიმართა "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ. მისი რჩევა იყო, რომ დეპუტატებს ევროკავშირის იმ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე ესაუბრათ, რომლებიც აუცილებელია ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად.

ე.წ. აგენტების კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების დღეს ამერიკის საელჩომ თქვა, რომ ეს იყო "საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღე", ათასობით ადამიანი კი პარლამენტთან შეიკრიბა. პროტესტის ფონზე, ორ დღეში, მმართველმა პარტიამ გადაწყვეტილება შეცვალა და კანონპროექტის უკან გაწვევის შესახებ განაცხადა. რეგლამენტის თანახმად, 10 მარტს სპეციალურად დანიშნულ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა მეორე მოსმენით უყარა კენჭი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს და ჩააგდო.

ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის ინიციირება დროში დაემთხვა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს - ევროკავშირის ქვეყნების ელჩები აღნიშნულ კანონპროექტს ამ პროცესის შემაფერხებლად აფასებდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG