Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პოლიციამ გაჩხრიკა ლიკვიდირებული „მემორიალის“ თანამშრომელთა ბინები


რუსეთის პოლიციამ 21 მარტს ჩხრეკა ჩაატარა გაუქმებული უფლებადამცველი ორგანიზაცია „მემორიალის“ რამდენიმე თანამშრომლის ბინებში. ამის შესახებ ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა დაწერეს ტვიტერში.

„მემორიალის“ ადვოკატმა „ნოვაია გაზეტას“ უთხრა, რომ პოლიციამ გაჩხრიკა უფლებადამცველი ჯგუფის წამყვანი თანამშრომლების, ოლეგ ორლოვის, ნიკიტა პეტროვისა და იან რაჩინსკის ბინები.

უფლებადამცველი ორგანიზაცია OVD-Info იტყობინება, რომ ჩხრეკა ჩატარდა ასევე გალინა იორდანსკაიას, ალენა კოზლოვასა და ირინა ოსტროვსკაიას ბინებში. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ გაჩხრიკეს სერგეი გურიანოვის ბინაც.

გაიჩხრიკა ასევე მოსკოვში მდებარე შენობა, რომელშიც „მემორიალი“ იყო განთავსებული.

როგორც ხელისუფლება აცხადებს, ჩხრეკა ტარდება ნაციზმის რეაბილიტაციის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც 3 მარტს აღიძრა. ამის შესახებ იტყობინება „მემორიალის“ ადვოკატი.

საქმე აღიძრა „რუსეთის ვეტერანების“ განცხადების საფუძველზე. თითქოს მათ „მემორიალის“ მიერ შედგენილი სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა სიაში აღმოაჩინეს 20-მდე პირი, რომლებიც ჰიტლერულ გერმანიასთან თანამშრომლობისთვის იყვნენ გასამართლებული.

რუსეთის ხელისუფლებამ 2021 წლის დეკემბერში გასცა „მემორიალის“ ლიკვიდაციის განკარგულება „უცხოეთის აგენტების“ შესახებ სადავო კანონის ფარგლებში. ამ კანონს რუსეთის ხელისუფლება სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებისთვის იყენებს.

„მემორიალს“ შარშან მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა ბელორუს დისიდენტ ალეს ბიალიატსკისთან და უკრაინის სამოქალაქო თავისუფლებათა ცენტრთან ერთად.

XS
SM
MD
LG