Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ფორმულის" განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება საფრთხეს შეუქმნის ტელეარხის მუშაობას


ტელეკომპანია „ფორმულის" დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას განცხადებით გამოეხმაურა ტელეარხი. მისი შეფასებით, გადაწყვეტილება არის პოლიტიკურად მოტივირებული და მიზნად ისახავს კრიტიკული მედიის საქმიანობისთვის ხელის შეშლას.

„ტელეკომპანია ფორმულა, მისი მენეჯმენტი და თანამშრომლები, შეშფოთებულნი ვართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით, რომელიც მიმართულია ტელევიზიის დამფუძნებლის დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ, არის პოლიტიკურად მოტივირებული და მიზნად ისახავს კრიტიკული მედიის საქმიანობისთვის ხელის შეშლას.

დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დავით კეზერაშვილს დაუსაბუთებლად დაეკისრა თავდაცვის სამინისტროსთვის 5 060 000 ევროს გადახდა. გვაქვს ყველა არგუმენტი იმისთვის, რომ მტკიცედ გვჯეროდეს - ამ თავდასხმის სამიზნე დავით კეზერაშვილი სწორედ ფორმულას 51%-იანი წილის ფლობის გამო გახდა.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ერთადერთი ფასეული ქონება, რომელსაც კეზერაშვილი საქართველოში ფლობს, სწორედ ფორმულას 51%-იანი წილია. შესაბამისად, გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის ჩვენი ორგანიზაციის ფუნქციონირებას და ჩვენს სარედაქციო დამოუკიდებლობას", - ნათქვამია „ფორმულის" განცხადებაში.

​ტელეკომპანია მიუთითებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე, რომელიც დავით კეზერაშვილს უკავშირდება.

„ყველა ობიექტური დამკვირვებლისთვის ცხადია, რომ ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ ეფუძნება ობიექტურ გარემოებებს: საქმის მიმდინარეობისას ადვოკატებმა წარმოადგინეს წერილობითი და ვიდეო მტკიცებულებები, რომლებიც ცხადყოფს, რომ ბრალდება თავდაცვის სამინისტროსთვის ზიანის მიყენების თაობაზე შეთითხნილია და ნათლად მიუთითებს საქმის პოლიტიკურ მდგენელზე.

საზოგადოებას მოკლედ შევახსენებთ, რომ ზიანის ანაზღაურება დავით კეზერაშვილს დაეკისრა საქმეზე, რომელზეც უზენაესმა სასამართლომ წინა ორი ინსტანციის გამამართლებელი განაჩენი გამამტყუნებლით შეცვალა. უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დაწყებას კი წინ უძღოდა პრემიერ ღარიბაშვილის მუქარა საპარლამენტო ტრიბუნიდან - „მე რაც წავედი, მერე გაამართლეთ თქვენ ის. ახლა მიხედავენ, როგორც ჩანს”. ხაზგასასმელია ისიც, რომ შალვა თადუმაძე, რომელიც საქმის გასაჩივრებისას გენერალური პროკურორი იყო, უზენაეს სასამართლოში მას მოსამართლის ამპლუაში დახვდა.

ჩამოთვლილი გარემოებების ერთობლიობა განაპირობებს იმას, რომ ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების და მთავარი საერთაშორისო პარტნიორების აღქმა ერთმნიშვნელოვანია - სასამართლოს კრიტიკული მედიის შესავიწროებლად იყენებენ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სწორედ 20 მარტს გავრცელებულ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში თბილისის საქალაქო სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებისა და მისი თავისუფალ მედიაზე გავლენის შესახებ ვკითხულობთ", - ნათქვამია განცხადებაში.

„ფორმულა" აღნიშნავს, რომ ზეწოლის მრავალფეროვანი ინსტრუმენტების გამოყენებით ხელისუფლება ხელს ვერ ააღებინებს საკუთარ მისიაზე.

„სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას იურისტები უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ. სამართლებრივი პროცედურების პარალელურად, ტელეკომპანია ფორმულა და მისი გუნდი განვაგრძობთ მუშაობას საზოგადოების ინფორმირებისთვის - გვწამს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ამ გამორჩეულად რთულ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, წინ აღვუდგეთ სახელისუფლებო პროპაგანდას, ქვეყნის დასავლური კურსის ცვლილებისა და დემოკრატიის სწრაფი უკუსვლის ტენდენციებს. ზეწოლის მრავალფეროვანი ინსტრუმენტების გამოყენებით ხელისუფლება ხელს ვერ აგვაღებინებს იმაზე, რაც საკუთარ მისიად მიგვაჩნია - ჩვენი წვლილი შევიტანოთ საზოგადოებისა და სახელმწიფოს დაცვაში, მოქალაქეების სანდო, გადამოწმებული ინფორმაციით მომარაგების გზით", - აცხადებს ტელეკომპანია.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება 21 მარტს გამოაცხადა. კოლეგიამ არ დააკმაყოფილა მისი საჩივარი - თავდაცვის ყოფილ მინისტრს დაეკისრა 5 060 000 ევროს (ეკვივალენტი ლარში) გადახდა თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ.

სააპელაციო სასამართლო განიხილავდა თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების - თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილისა და შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ნინუას - სააპელაციო სარჩელებს. მათ 2022 წლის მარტში საქალაქო სასამართლომ დააკისრა სოლიდარულად გადაეხადათ 5 060 000 ევრო. დღეს სააპელაციო სასამართლომ ნინუას სარჩელი დააკმაყოფილა და ამ თანხის სრულად გადახდა დავით კეზერაშვილს დააკისრა.

ტელეკომპანია "ფორმულაში" აცხადებენ, რომ ეს არხი დავით კეზერაშვილის სახელზე საქართველოში არსებული ერთადერთი ქონებაა.

2021 წლის 7 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს და ტელეკომპანია "ფორმულის" 51%-იანი წილის მესაკუთრეს, დავით კეზერაშვილს, უზენაესმა სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. მას სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, თუმცა სასჯელი ამნისტიის შედეგად განახევრდა.

კეზერაშვილის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ სამი წევრის შემადგენლობით. ესენი არიან: შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე და მერაბ გაბინაშვილი.

2017 წელს სააპელაციო სასამართლომ კეზერაშვილის საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, რომელიც პროკურატურამ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. იმ დროს გენერალური პროკურორის თანამდებობას შალვა თადუმაძე იკავებდა.

XS
SM
MD
LG