Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული ლეგიონის“ წევრებს მოსკოვის სასამართლომ დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ დაუსწრებლად დაპატიმრების განაჩენი გამოიტანა უკრაინაში მებრძოლი "ქართული ლეგიონის" ოთხი წარმომადგენლის მიმართ. ინფორმაცია ამის შესახებ გამოცემა „მედიაზონამ“ რუსეთის საქალაქო სასამართლოს კარტოთეკაში აღმოაჩინა. მათ (რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილით) დაქირავებულობაში ადანაშაულებენ. მებრძოლების დაუსწრებლად დაკავების საქმეზე სასამართლო სხდომა 3 მარტს გაიმართა, თუმცა ინფორმაცია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მოსკოვის სასამართლოს კარტოთეკაში დღეს გამოჩნდა.

გასული წლის აპრილში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა „ქართული ლეგიონის“ 24 წევრის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, დაქირავებულობის მუხლით. მათ შორის იყო ის ოთხი ადამიანიც, ვისაც 3 მარტს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯეს.

რადიო თავისუფლებასთან სატელეფონო საუბარში "ქართული ლეგიონის" მეთაური მამუკა მამულაშვილი ამბობს, რომ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას „ქართული ლეგიონის“ წარმომადგენლებისთვის მორალურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ამასთან, იგი აღნიშნავს, რომ მოსკოვის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ემთხვევა საქართველოს ხელისუფლების რიტორიკას.

ეს არის ის რიტორიკა, რომლითაც გველაპარაკება საქართველოს ხელისუფლება - დაქირავებულები, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. ეს მესმის წლებია. ასე რომ, არ გამკვირვებია, რომ რუსეთის სასამართლოც ამას ლაპარაკობს. მე საქართველოს ხელისუფლების რეაქცია უფრო მაინტერესებს. ისეთი შეგრძნებაა, რომ შეთანხმებულად მოქმედებენ და რიტორიკაც ერთნაირია“, - ამბობს მამუკა მამულაშვილი.

მისი სიტყვებით, ეს ადამიანები საქართველოს მოქალაქეები არიან, ისინი დროდადრო ჩადიან საქართველოში ოჯახების სანახავად და „შესაძლოა, საქართველოს ხელისუფლებამ მოუწყოს ნებისმიერი პროვოკაცია“.

კითხვაზე, არსებობს თუ არა იმის საფრთხე, რომ ადამიანი, ვისი დაპატიმრების გადაწყვეტილებაც მოსკოვის სასამართლომ დაუსწრებლად მიიღო, ხელში ჩაუვარდეს რუსეთის ხელისუფლებას, მამუკა მამულაშვილი პასუხობს, რომ „ეს ადამიანები რუსეთს ხელში ვერ ჩაუვარდებიან, შეიძლება რუსები ჩაუვარდნენ ამ ადამიანებს ხელთ“.

„ქართული ლეგიონი“ ყველაზე ძველი უცხოური დანაყოფია, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდამხარ იბრძვის 2014 წლიდან, რუსეთის მხარდაჭერით დონბასელი სეპარატისტების მიერ დაწყებული შეიარაღებული ამბოხების პირველი დღეებიდან.

"ქართული ლეგიონი", რომელიც დღეისთვის 1300 სამხედროს აერთიანებს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს ექვემდებარება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG