Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანალენა ბერბოკი: არის მცდელობა, რომ საქართველომ გადაუხვიოს პროევროპულ კურსს


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი

გერმანია ხედავს მცდელობას, რომ საქართველომ გადაუხვიოს პროევროპულ კურსს, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანია. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა საქართველოში ვიზიტის წინ. ბერბოკის განცხადება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა. ანალენა ბერბოკის თანახმად, ხედავენ ზეწოლას, რომელსაც საქართველო აწყდება როგორც შიგნით, ასევე, გარედან. საქართველოში ვიზიტისას ის მკაფიოდ განაცხადებს, რომ გერმანია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ბოლო დღეებში, თბილისის ქუჩებში ხალხი ევროკავშირის დროშებით გამოვიდა პლურალიზმის და კანონის უზენაესობის დასაცავად. ბერბოკი გულისხმობდა ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონპროექტის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, თბილისში საქართველოს მთავრობასთან ისაუბრებს შემდგომ ნაბიჯებზე, რომლებიც აუცილებელია საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ბერბოკმა დემოკრატიული სტანდარტების პატივისცემასთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღების საგნად დაასახელა მედიის თავისუფლება, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული საზოგადოებრივი დებატები, მაშინაც კი, როცა შეხედულებები რადიკალურად განსხვავებულია. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროკავშირი ამ ფასეულობებს იზიარებს და დარწმუნებული არიან, რომ აქ მოკლე გზა და შეღავათები არ არსებობს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს დღეს, 23 მარტს, ეწვევა. ანალენა ბერბოკი თბილისში პირველი ოფიციალური ვიზიტისას შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და სტუდენტებს. ვიზიტი 24 მარტს დასრულდება.

საქართველოში ჩამოსვლამდე ანალენა ბერბოკი შეხვედრებს მართავს ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში.

თბილისში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით, ფედერალური საგარეო უწყება წერს, რომ საქართველომ მკაფიო პოზიცია დაიკავა უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის წინააღმდეგ, ხოლო საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას - გამოკითხვების თანახმად, 80%-ს სურს, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონპროექტის წინააღმდეგ საქართველოს ათასობით მოქალაქის პროტესტს, რომლის მამოძრავებელ ძალას ახალგაზრდები წარმოადგენდნენ და რომლის შედეგად, ხელისუფლებამ კანონპროექტი გაიწვია.

XS
SM
MD
LG