Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადიროვი დააჯილდოვეს მედლით „რესპუბლიკის დამსახურებული უფლებადამცველი“


რამზან კადიროვი, 2022 წ. დეკემბერი
რამზან კადიროვი, 2022 წ. დეკემბერი

ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რამზან კადიროვს მედალი გადასცა ჩეჩნეთის ადამიანის უფლებათა კომისარმა „მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის საქმეში გამოჩენილი სამსახურისთვის“. ასევე ჩეჩენი ხალხის „ეროვნული ინტერესების საკითხებში მამაცობისა და პრინციპულობის გამოჩენის, ტრადიციული ღირებულებების დაცვისა და მოვალეობისადმი ერთგულების გამო“.

ანალოგიური მედალი გადაეცა რეგიონული საზოგადოებრივი ფონდის პრეზიდენტს აიმან კადიროვას (რამზან კადიროვის დედას) და ჩეჩნეთის პირველ პრეზიდენტს ახმატ-ჰაჯი კადიროვს (რამზან კადიროვის მამას, გარდაცვალების შემდეგ).

კადიროვი ჩეჩნეთს 2007 წლიდან ხელმძღვანელობს. მას არაერთხელ დასდეს ბრალი ადამიანის უფლებების დარღვევაში როგორც ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. უფლებადამცველები კადიროვს აკისრებენ პასუხისმგებლობას ადამიანების გატაცებასა და მკვლელობაში.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კადიროვი ომის ერთ-ერთ მთავარ პროპაგანდისტად იქცა. ჩეჩნეთის მეთაური პერიოდულად იუწყება ფრონტზე დაქირავებულთა გაგზავნის შესახებ და ემუქრება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.

ევროკავშირს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებს კადიროვის წინააღმდეგ სანქციები აქვთ დაწესებული.

  • საერთო ჯამში, რამზან კადიროვს მიღებული აქვს 30-ზე მეტი ოფიციალური სამთავრობო ჯილდო, მათ შორის მედალი "სამხედრო მამაცობისთვის" (II ხარისხი) და "სამშობლოსათვის გაწეული სამსახურისთვის" (IV და III ხარისხი). 2006 წელს კადიროვმა მიიღო რუსეთის გმირის წოდება, ხოლო 2020 წელს პუტინმა მას ეროვნული გვარდიის გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭა. გარდა ამისა, კადიროვს ასევე აქვს საპატიო წოდებები: "ჩეჩნეთის რესპუბლიკის ფიზიკური კულტურის დამსახურებული მუშაკი" და "ჩეჩნეთის რესპუბლიკის დამსახურებული მშენებელი".
XS
SM
MD
LG