Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილი ანდერს ბრეივიკს შეადარა


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშილმა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ანდერს ბრეივიკს შეადარა, რომელმაც ათეულობით ადამიანი მოკლა და დაჭრა. პარალელი პრემიერმა მაშინ გაავლო, როცა ჟურნალისტებთან საუბრის დროს აფასებდა სააკაშვილისთვის ნორვეგიაში მემარჯვენეთა დემოკრატიის პრიზის მინიჭებას.

"ეს ჩვენი ხალხის რამხელა დაცინვა და შეურაცხყოფაა. მთელ მსოფლიოში ცნობილი ავტორიტარული, თითქმის დიქტატორული ყოფილი მმართველი სააკაშვილი, რომელიც იყო მჩაგვრელი, მკვლელი სისტემის შემოქმედი დააჯილდოვეს ადამიანის უფლებები დარგში მიღწეული რაღაცით. ეს ხომ ჩვენი ხალხის დაცინვაა?!. ეს ხომ წარმოუდგენელია?!.

არ მინდა მძიმე შემთხვევა გავიხსენო, მაგრამ რადგანაც ნორვეგიის ამ ორგანიზაციის მხრიდან ასეთი დამოკიდებულებაა... ნორვეგიაში გახსოვთ, ხომ ბრეივიკმა ძალიან ბევრი ადამიანი დახოცა. დაახლოებით იგივეა, რომელიღაცა ქვეყანამ ბრეივიკს მისცეს იგივე... ჩემთვის იგივეა..." - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ორ საქმეზეა გასამართლებული და სამ საქმეზე კი მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის წარმოება მიმდინარეობს, ნორვეგიელ კონსერვატორთა პრიზი ადამიანის უფლებების, პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ხელშეწყობისთვის მიენიჭა.

2011 წელს ანდერს ბრეივიკმა აფეთქება მოაწყო ოსლოში და ცეცხლი გახსნა კუნძულ უტოიას ახალგაზრდულ ბანაკში. დაიღუპა 77, დაიჭრა 150-მდე ადამიანი. ტერორისტმა დანაშაული აღიარა. მას 21 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.

XS
SM
MD
LG