Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა არის ტაქტიკური ბირთვული იარაღი, რას აპირებს და რა შეუძლია რუსეთს?


რუსული RS-24 Yars ბალისტიკური რაკეტები სამხედრო აღლუმზე, წითელ მოედანზე. 2020 წლის 24 ივნისი.
რუსული RS-24 Yars ბალისტიკური რაკეტები სამხედრო აღლუმზე, წითელ მოედანზე. 2020 წლის 24 ივნისი.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 25 მარტს განაცხადა, რომ ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებს მეზობელი ბელარუსის ტერიტორიაზე და დასძინა, რომ ეს არ შეეწინააღმდეგება ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობასთან დაკავშირებულ არსებულ შეთანხმებებს.

რა იარაღზეა ლაპარაკი და როგორია რუსეთის პოლიტიკა?

რა საფრთხე არსებობს

აშშ-მა განაცხადა, რომ მსოფლიო დღეს უდიდესი საფრთხის წინაშე დგას, რომლის მსგავსიც 1962 წლის კუბის კრიზისის შემდეგ არ გვინახავს. ამის მიზეზი პუტინის მიერ გაკეთებული განცხადებებია. მოსკოვი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის პოზიცია არასწორად იქნა წარმოჩენილი.

კიევი და მისი დასავლელი მოკავშირეები შიშობენ, რომ კრემლმა შესაძლოა უკრაინაში ტაქტიკური ბირთვული გამოიყენოს, რადგან პუტინმაც და სხვა მაღალჩინოსნებმაც განაცხადეს, რომ რუსეთი მზად იყო თავდაცვის მიზნით მთელი არსენალი გამოეყენებინა.

რა არის ტაქტიკური ბირთვული იარაღი

ამ ტერმინის ზუსტ განსაზღვრებასთან დაკავშირებით წლებია, რაც დავა მიმდინარეობს. ძირითადი განსაზღვრება ასეთია: ესაა ბირთვული იარაღი, რომელსაც ბრძოლის ველზე კონკრეტული ტაქტიკური მიზნით იყენებენ და არა, ვთქვათ, აშშ-ის ან რუსეთის დიდი ქალაქების გასანადგურებლად.

ცოტამ თუ იცის, თუ ზუსტად რამდენ ასეთ იარაღს ფლობს რუსეთი, რადგან ეს სფერო კვლავაც ცივი ომის დროინდელი საიდუმლოებითაა დაფარული.

მიიჩნევა, რომ რუსეთს ბევრად მეტი ტაქტიკური ბირთვული იარაღი გააჩნია, ვიდრე აშშ-ს ან ნატოს: ამერიკელები ფიქრობენ, რომ კრემლის განკარგულებაში დღეს 2 ათასამდე ამგვარი ტაქტიკური ქობინია - ვაშინგტონს ათჯერ ნაკლები აქვს.

ტაქტიკური ბირთვული ქობინი შეიძლება განთავსდეს სხვადასხვა ტიპის რაკეტებზე, რომლებიც გამოიყენება ჩვეულებრივი ასაფეთქებელი ნივთიერებების მიწოდებისთვის, როგორიცაა ფრთოსანი რაკეტები და საარტილერიო ჭურვები. მათი გასროლა შესაძლებელია თვითმფრინავებიდან და გემებიდან.

აშშ-ს 200 200 ტაქტიკური ბირთვული იარაღის ნახევარი ევროპაშია განთავსებული - 0,3-იდან 170 კილოტონამდე სიმძლავრის ატომური ბომბები იტალიის, გერმანიის, თურქეთის, ბელგიისა და ნიდერლანდების საჰაერო ბაზებზეა გადანაწილებული.

1945 წელს იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაზე ამერიკის მიერ ჩამოგდებული ბომბის სიმძლავრე დაახლოებით 15 კილოტონა იყო.

ვინ გასცემს ბრძანებას რუსეთში?

რუსეთის ბირთვული დოქტრინის თანახმად საბოლოო გადაწყვეტილებას პრეზიდენტი იღებს - სტრატეგიულ და არასტრატეგიულ ატომურ იარაღთან დაკავშირებით.

1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის დროს რუსეთს დაახლოებით 22 ათასი ტაქტიკური ბირთვული იარაღი ჰქონდა. აშშ-ს - 11 500. ამ იარაღის უმეტესობა განადგურდა, ან განადგურებას ელის.

დარჩენილი ბომბები 30 სამხედრო ბაზაზეა გადანაწილებული. ისინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მეთორმეტე სამმართველოს პასუხისმგებლობაშია. სამმართველოს იგორ კოლესნიკოვი ხელმძღვანელობს, რომელიც უშუალოდ თავდაცვის მინისტრის ქვეშევრდომია.

ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების გადაწყვეტილების მიღებამდე პუტინი, სავარაუდოდ, კონსულტაციას გაივლის რუსეთის უშიშროების საბჭოსთან, შემდეგ კი გენერალურ შტაბს უბრძანებს, რომ ქობინი გაამზადონ საბოლოო ბრძანების მიღების მოლოდინში.

კრემლი აშშ-ის პასუხს წინასწარ ვერ განსაზღვრავს, ამიტომ რუსეთის მთელი ბირთვული პოზიცია შეიცვლება: წყალქვეშა ნავები ზღვაში გავლენ, სარაკეტო ძალები სრულ მზადყოფნაზე გადავლენ და ბაზებზე სტრატეგიული ბომბდამშენები გამოჩნდებიან, რომლებიც დაუყოვნებლივი აფრენისთვის იქნებიან მზად.

ბირთვული იარაღის განთავსება

საბჭოთა კავშირის შემდეგ აშშ-მ დიდი ძალისხმევა გაიღო, რომ საბჭოთა ბირთვული არსენალი, რომელიც ბელარუსში, ყაზახეთში და უკრაინაში იყო განთავსებული, რუსეთს დაჰბრუნებოდა. მას შემდეგ რუსეთს არ განუცხადებია, რომ თავის საზღვრებს გარეთ განათავსებდა ამგვარ იარაღს.

პუტინის მტკიცებით, ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსება არსებულ შეთანხმებებს არ ეწინააღმდეგება.

ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების მიხედვით ბირთვული იარაღის მქონე ქვეყანას არ შეუძლია ატომური იარაღის ან ტექნოლოგიის გადაცემა ქვეყნისათვის, რომელსაც ბირთვული იარაღი არ გააჩნია. ამავე დროს, ეს ხელშეკრულება უშვებს, რომ ასეთი იარაღი განთავსდეს ქვეყნის საზღვრებს გარეთ, თუმცა მისი კონტროლის ქვეშ - როგორც აშშ-ს აქვს განთავსებული ატომური იარაღი ევროპაში.

მასალა მომზადებულია Reuters-ის მიხედვით

XS
SM
MD
LG