Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევი: კვლავაც გრძელდება ბახმუტისთვის ბრძოლების ყველაზე ინტენსიური ფაზა


უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ კვლავ მოინახულა ბახმუტი, იტყობინება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მედიაცენტრი.

მან უკრაინის სამხედროთა პოზიციები დაათვალიერა. სირსკის თქმით, გრძელდება ბახმუტისთვის ბრძოლების ყველაზე ინტენსიური ფაზა.

„სიტუაცია სტაბილურად რთულია. მტერი ადამიანური რესურსების, შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდის, მაგრამ განაგრძობს საიერიშო მოქმედებებს,“ განაცხადა სირსკიმ. „ჩვენ ვანგარიშობთ მოვლენათა განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტს და შექმნილი ვითარების შესაბამისად ვიმოქმედებთ.“

2023 წლის დასაწყისიდან მოკიდებული რუსეთი აქტიურ იერიშებს ახორციელებს ბახმუტის წინააღმდეგ, მაგრამ ვერ ახერხებს ქალაქის სრულად დაკავებას. როგორც რუსეთის, ისე უკრაინის მხარეები მძიმე დანაკარგებს განიცდიან ბახმუტზე კონტროლის დაწესებისთვის ბრძოლებში.

შაბათს ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვამ თავის ყოველდღიურ ანგარიშში დაწერა, რომ ბახმუტში რუსეთის შეტევა პრაქტიკულად შეჩერდა და რომ, როგორც ჩანს, ეს პირველ რიგში რუსეთის ჯარების უკიდურესი გამოფიტვის ნიშანია.

ამ მონაცემების კომენტირებისას უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა, სერჰი ჩერევატიმ ტელევიზიაში გამოსვლისას განაცხადა, რომ ბახმუტი კვლავაც რჩება სამხედრო მოქმედებების ეპიცენტრად.

ჩერევატიმ აღნიშნა, რომ უკანასკნელ დღეებში ბახმუტის მიმართულებაზე შემცირდა საბრძოლო შეტაკებები. მაგრამ, მისი თქმით, ბახმუტთან რუსეთის ჯარების გამოფიტვის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვის განცხადება „დაზუსტებას საჭიროებს“. უკრაინის მხარეს კვლავაც მიაჩნია, რომ ბახმუტი რუსეთის ჯარების მთავარი იერიშის მიმართულებად რჩება.

საერთაშორისო წითელი ჯვრის მონაცემებით, ბახმუტში რჩება დაახლოებით 3500 სამოქალაქო პირი, მათ შორის - 32 ბავშვი.

XS
SM
MD
LG