"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დიმა ჩიქოვანი გეგმავს მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას, რათა დაიწყოს გამოძიება მის წინააღმდეგ ცრუ დასმენისთვის. საქმე ეხება რამდენიმე დღის განმავლობაში POS TV-ის ეთერში გაჟღერებულ ინფორმაციას, რომ მან სავარაუდოდ, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება თათია სამხარაძეს.
"ვითხოვთ ცრუ დასმენასთან დაკავშირებით პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებას. ეს არ არის მხოლოდ დიმა ჩიქოვანის მიმართ განხორციელებული ქმედებები. ჩვენ აქ ვნახეთ, თუ როგორ ბოროტად იქნა გამოყენებული სახელმიწიფო, პოლიციური რესურსები არარსებულ ფაქტებთან, დანაშაულთან დაკავშირებით... პოლიციელებს მოუწიათ შეჭრა დიმიტრი ჩიქოვანის სახლში, იქ შეიქმნა უხერხული სიტუაცია მათთვისვე", - თქვა დიმა ჩიქოვანის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ ბრიფინგზე.
რამდენიმე დღის წინ, 24 მარტს ამ არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თათია სამხარაძე "ნაციონალური მოძრაობის" წევრს დიმიტრი ჩიქოვანს გატაცებული შესაძლოა ჰყოლოდა. დიმიტრი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ჟურნალისტის ცრუ დასმენის საფუძველზე პროვოკაცია მოუწყვეს. საქმეზე გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით (ძალადობა - 126-ე და თავისუფლების უკანონო აღკვეთა - 143-ე მუხლები).
ტელეკომპანია POS TV ამტკიცებდა, რომ მისთვის ცნობილი გახდა „საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ცოლისძმას დიმიტრი ჩიქოვანსა და თათია სამხარაძეს შორის მომხდარი კონფლიქტის შესახებ: „სამხარაძესა და ჩიქოვანს შორს კონფლიქტი თანხის ოდენობას უკავშირდება, რომელსაც კეზერაშვილის ცოლისძმა სამხარაძეს შალვა რამიშვილის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის ორგანიზების სანაცვლოდ დაჰპირდა. ... გადამღებ ჯგუფს წყარომ მიაწოდა დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა თათია სამხარაძე ყოფილიყო გატაცებული, რადგან ჩიქოვანსა და სამხარაძეს შორის დღეს მწვავე კონფლიქტი მოხდა“.
გატაცებისა და რაიმე სახის კონფლიქტის არსებობა უარყო როგორც დიმიტრი ჩიქოვანმა, ასევე თათია სამხარაძემ.
"ანერვიულეს ჩემი ოჯახი და ახლობლები. ეს არის უბინძურესი და მიზანმიმართული ჰიბრიდული სპეცოპერაცია ჩემ დასაშინებლად, გასანადგურებლად და გასაჩუმებლად! ყველაფერი რასაც პოსტივი ავრცელებს არის ფალსიფიცირებული ჩემი ფსიქოლოგიური ტერორისთვის… მიუხედავად ამ ორკესტრირებული პროვაკაციისა, მე არ შევწყვეტ მსხვერპლი ქალების დახმარებას და კონსულტირებას სამართლის პოვნის გზაზე!" - წერდა სამხარაძე "ფეისბუკზე".
უფრო ადრე, გასულ კვირაში "ტაბულას" ყოფილმა ჟურნალისტმა შალვა რამიშვილი 7-8 წლის წინ, მისდამი განხორცილეებულ სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ამას მოჰყვა სხვა ქალების მხრიდან მსგავსი ბრალდებების გაჟღერება. სამხარაძე მათ მხარდაჭერას უცხადებდა.