Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი: ბახმუტში გამარჯვებას პუტინი მიჰყიდის საკუთარ საზოგადოებას, დასავლეთს, ჩინეთს, ირანს


პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 22 მარტს ბახმუტის მახლობლად შეხვდა უკრაინელ სამხედროებს
პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 22 მარტს ბახმუტის მახლობლად შეხვდა უკრაინელ სამხედროებს

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ თუ უკრაინა ბახმუტისთვის ბრძოლას ვერ მოიგებს, რუსეთი შეეცდება მოიპოვოს საერთაშორისო მხარდაჭერა, რათა უკრაინას აიძულოს მიუღებელ კომპრომისებზე წასვლა.

ზელენსკიმ სააგენტო AP-ს განუცხადა, რომ თუ რუსეთის ჯარები ქალაქ ბახმუტს დაიპყრობენ, ამ გამარჯვებას პუტინი მიჰყიდის საკუთარ საზოგადოებას, დასავლეთს, ჩინეთს და ირანს. უკრაინის პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ ბახმუტში დამარცხების შემთხვევაში კომპრომისების მიზნით ზეწოლა იქნება არა მხოლოდ საერთაშორისო, არამედ უკრაინის საზოგადოებისგანაც, რომელიც დაღლას იგრძნობს. ამასთან, ზელენსკი ამბობს, რომ დღემდე ასეთი ზეწოლა არ ყოფილა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, თუ პუტინი იგრძნობს უკრაინის სისუსტეს, სულ უფრო მეტ ზეწოლას შეეცდება. ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი მარცხი საფრთხეს შეუქმნის უკრაინის შეუპოვარ ბრძოლას.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დილით გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ბახმუტზე შტურმს განაგრძობენ, თუმცა, უკრაინის თავდაცვის ძალებს ქალაქი მამაცურად უჭირავთ და მრავალრიცხოვან შეტევებს იგერიებენ.

რუსეთის რეგულარული არმიის ქვედანაყოფები და კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" 2022 წლიდან ცდილობენ დაიპყრონ დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი, რომლის ფართობი დაახლოებით 42კმ²-ია. ომის დაწყებამდე ბახმუტში 72 000 ადამიანი ცხოვრობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG