მოსკოვის სასამართლომ 63 წლის მიხეილ სიმონოვს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა სოციალურ ქსელ „ვკონტაქტეში“ გამოქვეყნებული ორი კომენტარის გამო. მას ბრალი წაუყენეს პოლიტიკური სიძულვილის გაღვივებისა და რუსეთის არმიის შესახებ ე.წ. ფეიკის გავრცელების გამო.
განაჩენის თანახმად, სიმონოვმა რუსეთის ჯარების მიერ კიევისა და მარიუპოლის დაბომბვის შესახებ პოსტების ქვეშ გამოაქვეყნა კომენტარები. სიმონოვი წერდა: "ბავშვებისა და ქალების რომ ვხოცავთ, ჩვენ „პირველ არხზე“ სიმღერებს ვმღერით, ჩვენ, რუსები, უღმერთოები გავხდით. გვაპატიე, უფალო!" და კიდევ - „რუსი პილოტები ბავშვებს ბომბავენ."
პროკურორმა განაცხადა, რომ სიმონოვს ბრმად სჯეროდა "პროპაგანდისტული" წყაროების და უგულებელყოფდა რუსეთის ხელისუფლების განცხადებებს, მის მიმართ სიძულვილის გამო. სიმონოვის პოსტებს 2020 წლიდან რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის კრიტიკაც დაერთო.
ბოლო წლებში სიმონოვი ცხოვრობდა ბელორუსში, სადაც საქალაქთაშორისო მატარებლებში ვაგონ- რესტორნების დირექტორად მუშაობდა. 2022 წლის ნოემბერში ის მოსკოვში ჩავიდა, სადაც დააკავეს და წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. როგორც გამოცემა „სოტავიზიონის“ (SotaVisiоn) აღნიშნავს, რომ ბრალდებულს "კარგად არ ესმის და უჭირს ლაპარაკი“. თავად სიმონოვმა სასამართლოს განუცხადა, რომ მას აქვს "პროსტატიტი და მრავალი სახის დაავადება", მაგრამ ამის მიუხედავად, იგი პატიმრობაში დატოვეს.
- რუსეთმა არმიის შესახებ ე.წ. ფეიკების საწინააღმდეგო კანონი უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მიიღო. კანონი ძალაში შევიდა 2022 წლის მარტიდან და მის საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო არაერთი ჟურნალისტის, ბლოგერისა და პოლიტიკოსის წინააღმდეგ.