Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისი და მოსკოვი ამ მეორე ფრონტის თემაზე ერთ ენაზე საუბრობს - სალომე ზურაბიშვილი


სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზინდენტი, პარლამენტში სიტყვით გამოსვლა 2022 წელი
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზინდენტი, პარლამენტში სიტყვით გამოსვლა 2022 წელი

პარლამენტში ყოველწიული ანგარიშის წარდგენისას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დეპუტატებს და მთავრობის წევრებს მიმართა და განაცხადა , რომ ე.წ. მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით კონსპირაციული თეორიების მიუხედავად საზოგადოებისთვის ცნობილია ევროკავშირის მშვიდობიანი მისწრაფებები.

რაც არ უნდა ეცადოთ და გაავრცელოთ ეს მეორე ფრონტის კონსპირაციული თეორიები, ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რომ ევროკავშირის შექმნის იდეა სწორედ მშვიდობას ემსახურება და არა ომს. ევროკავშირი საქართევლოში პირდაპირ ემსახურება ჩვენი ქვეყნის მშვიდობას, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სახით და მშვიდობიან განვითარებას. ამდენად, რაც არ უნდა ეცადოთ, რომ ეს მოდელირებული სცენარები, რომლებიც წინა ხელისუფლებას სჩვეოდა და საეჭვოდ ემთხვევა რუსეთისა და სეპარატისტების გზავნილებს, თავს მოახვიოთ ხალხს, შედეგს ვერ მიაღწევთ. ფაქტია, რომ თბილისი და მოსკოვი ამ მეორე ფრონტის თემაზე ერთ ენაზე საუბრობს. რაც არ უნდა ეცადოთ, რომ დაამტკიცოთ თითქოსდა ევროპული და ჩვენი ეროვნული ინტერესი ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია, რეალობას ვერ გაექცევით, რადგან ტერიტორიის დაცვა, დეოკუპაცია, თავდაცვითი ძალების გაძლიერება, მოსახლეობის უსაფრთხოება, ეკონომიკისა და განათლების განვითარება ეს ყველაფერი წარმოუდგენელი და შეუძლებელია ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კავშირისა და თანამშრომლობის გარეშე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი სიტყვებით, საქართველოს ეროვნული ინტერესის დაცვა იზოლაციაში ყოფნით შეუძლებელია და ევროპულ პერსპექტივას ალტერნატივა არ გააჩნია.

"თუ აქამდე ვისაუბრე თქვენ მიერ ბოლო პერიოდში არჩეულ ბუნდოვან და ჩემთვის, ხალხისთვის გაუგებარ გზაზე, იმდენიც მესმის, რომ თქვენთვისაც, როგორც ამას ხშირად აღნიშნავთ, გაუგებარია ჩემი საუბარი და მიზანი", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

მან მმართველი გუნდის წარმომადგენლებს მიმართა, რომ რაც არ უნდა ეცადონ ხალხის დაწრმუინებას იმაში, რომ ევროპა ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ღირებულებებს ან მშვიდობას, შედეგს ვერ მიაღწევენ.

"ქართველმა ხალხმა საუკუნეზე მეტია რაც იცის რა არის ევროპა, თუ რატომ უნდა ევროპა და, რომ ევროპული ღირებულებები სრულ თანხვედრაშია ქართულ ღირებულებებთან", განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და დაამატა, რომ ქართველი ხალხი ხელისუფლების გასაგონად "სამჯერ გამოვიდა - არა პოლიტიკური პარტიების დაძახებით, არა უცხოელების კარნახით, არა დაკვეთით, არა ფულით, არა გადატრიალებისთვის, არა შეთქმულებისათვის, არამედ თავისი ევროპული მომავლისთვის".

აქვე საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიციის პასუხისმგებლობის საკითხეც ისაუბრა.

"რაც არ უნდა სიმართლე იყოს ის, რომ ოპოზიციას თავისი ბრალეულობები აქვს ხან გაუთავებელი ბოიკოტების გამოცხადებით და საქმის გაფუჭებით, ხან ბრიუსელსა და ამერიკაში ქვეყნისთვის დამაზიანებელი გზავნილების ჩატანით და პოზიციონირებით, პასუხისმგებლობის ლომის წილი მაინც ხელისუფლებაზე მოდის. ამიტომ რაც არ უნდა ეცადოთ, რომ შედეგის მიუღწევლობა სხვას გადააბრალოთ სხვადასხვა მეთოდებით - მოდელირებული სცენარებით, კონსპირაციებით, შეთქმულების თეორიებით და ხალხის შეურაცხყოფით ეს არ შეცვლის ხალხის თვალში თქვენს პასუხისმგებლობას და მისი ნების არშესრულებას", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის მინისტრები, სასულიერო პირები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმღძვანელი ელჩები.

საქართველოს ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი ამბობს, რომ „გლობალური ომის პარტია“ დასავლეთში ცდილობს საქართველოს ჩართვას ომში, რასაც კატეგორიულად უარყოფენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, დასავლელი პოლიტიკოსები და დიპლომატები.

.

XS
SM
MD
LG