Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის უშიშროების სამსახურმა კიევ-პეჩორის ლავრის წინამძღოლის სახლი გაჩხრიკა


კიევ-პეჩორის ლავრის წინამძღოლი, მიტროპოლიტი პავლე (ლებედი), 30 მარტი, 2023 წელი
კიევ-პეჩორის ლავრის წინამძღოლი, მიტროპოლიტი პავლე (ლებედი), 30 მარტი, 2023 წელი

უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა 1 აპრილს, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქოს) მიტროპოლიტ პავლეს (ლებედი) სახლი გაჩხრიკეს. ამის შემდეგ იგი დაკითხვაზე გადაიყვანეს. მოგვიანებით, სასულიერო პირმა უკრაინულ მედიას განუცხადა, რომ სპეცსამსახურმა ის შინაპატიმრობაში დატოვა.

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის წყარო სამართალდამცავ ორგანოებში იტყობინება, რომ კიევ-პეჩორის ლავრის წინამძღოლი, მიტროპოლიტი პავლე ეჭვმიტანილია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - რელიგიათაშორისი უთანხმოების გაღვივება და ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის გამართლება. ინფორმაცია მოგვიანებით უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა.


"რია ნოვოსტის" მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში მიტროპოლიტი ამბობს, რომ სამართალდამცავები მასთან 1 აპრილს დილით ადრე მივიდნენ. სასულიერო პირის თქმით, მას ასევე ბრალად წაუყენეს უკრაინის პრეზიდენტის წყევლა. უკრაინის ხელისუფლების მიერ კიევ-პეჩორის ლავრის დატოვების მოთხოვნის პასუხად მიტროპოლიტი პავლე „ღვთის სასჯელით“ დაემუქრა უკრაინის პრეზიდენტს.

"ჩვენი ცრემლები არ დაეცემა მიწაზე, ისინი დაეცემა თქვენს თავზე", განაცხადა ვიდეომიმართვაში მიტროპოლიტმა პავლემ. მან განმარტა, რომ არავინ დაუწყევლია, არამედ უბრალოდ სახარებას ციტირებდა.

უკრაინის მთავრობამ ადრე უკრაინულ (ადრე მოსკოვის საპატრიარქოს) მართლმადიდებელი ეკლესია დაავალდებულა დატოვოს კიევ-პეჩორის ლავრის ტერიტორია და შენობა 29 მარტამდე მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ნაკრძალმა, "კიევ- პეჩორის ლავრამ" უარი თქვა მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული ეკლესიისთვის გაეფორმებინა არენდის ხელშეკრულება.

უკრაინის ხელისუფლება უკრაინულ (ადრე მოსკოვის საპატრიარქოს) მართლმადიდებელ ეკლესიას კვლავაც მიიჩნევს მოსკოვის საპატრიარქოსთან დაკავშირებულ უწყებად.

29 მარტს ამოიწურა ვადა, როცა მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული ეკლესიის (УПЦ МП) სასულიერო პირებს კიევ-პეჩორის ლავრა უნდა დაეტოვებინათ. ამ პროცესების ფონზე გაძლიერდა კრემლის პროპაგანდა უკრაინაში "ანტიქრისტეს მხარდამჭერებსა" და "სატანისტებთან" ბრძოლის აუცილებლობის შესახებ.

XS
SM
MD
LG