Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამზან კადიროვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აქვს -"ნოვაია გაზეტას" წყაროები


რამზან კადიროვი, 2023 წლის მარტი
რამზან კადიროვი, 2023 წლის მარტი

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი უკვე რამდენიმე წელია მძიმე ავადმყოფობით იტანჯება, რომლის მკურნალობაც რთულია და შეიძლება შინაგანი ორგანოების უკმარისობა გამოიწვიოს. ხოლო გასული წლის ივნისიდან კრემლთან დაახლოებული რეგიონალური პოლიტიკოსის მდგომარეობა გაუარესდა, იუწყება "ნოვაია გაზეტა" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემა წერს, რომ დაავადებას, რომელსაც კადიროვი სავარაუდოდ განიცდის, თან ახლავს ძლიერი ტკივილი, ხოლო მისი ქოშინი ფილტვის მდგომარეობის გართულების ნიშანი უნდა იყოს.

გამოცემა კადიროვის ჯანმრთელობის სერიოზული გაუარესების ერთ-ერთ მტკიცებულებად მიიჩნევს რუსულ მედიაში პოლიტიკოსის ვაჟების აქტიურ პიარს. მხედველობაში აქვს მისი შვილების უკრაინაში მოგზაურობა, კადიროვის უფროსი ვაჟის შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და მისი ვაჟების აქტიური მონაწილეობა ჩეჩნეთის საქმეებში.

ცნობები ჩეჩნეთის ხელმძღვანელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ თებერვლის დასაწყისში გამოჩნდა. კადიროვის შესაძლო ავადმყოფობისა და ნარკოდამოკიდებულების შესახებ ცნობები დევნილობაში მყოფ ჩეჩნეთის პრემიერ-მინისტრ ახმედ ზაკაევზე დაყრდნობით ცოტა ხნის წინ გერმანულმა ტაბლოიდმა Bild-მა გაავრცელა. ზაკაევის თანახმად, კადიროვის შეშუპებული სახით საზოგადოების წინაშე გამოჩენა, თირკმლის დაავადებაზე უნდა მეტყველებდეს.

მარტის შუა რიცხვებში, კრემლში მოგზაურობის შემდეგ, რამზან კადიროვმა უარყო ინფორმაცია თავისი ავადმყოფობის შესახებ. "ვარ ჯანმრთელი და ენერგიით სავსე", - აღნიშნა მან.

  • მოსკოვში, პუტინისა და კადიროვის შეხვედრის შემდეგ, ISW მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ჩეჩნეთის ხელმძღვანელს ეშინია რუსეთის პრეზიდენტის კეთილგანწყობის დაკარგვის უკრაინის ომში ჩეჩნური დანაყოფების საბრძოლო წარმატებების არარსებობის გამო.
  • ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი შეშფოთებულია რესპუბლიკაში შიდა წინააღმდეგობის შესაძლო გაძლიერებით, რაც ძირის გამოთხრით ემუქრება მის ავტორიტარულ მმართველობას, - იტყობინება ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW). ექსპერტების აზრით, ამას მოწმობს კადიროვის უშუალო და საჩვენებელი მონაწილეობა გუდერმესში მომხდარ თავდასხმაში, რომლის დროსაც უსაფრთხოების ძალებმა ორი თავდამსხმელი მოკლეს.
XS
SM
MD
LG